- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- 1 წლის გახდა
1 წლის გახდა
ეს გამოცემა
გამარჯობა,
ამ მეილის წერის პროცესში, სადღაც ხმელთაშუა ზღვის თავზე ვიმყოფები. დასასვენებლად ვიყავი და სამშობლოში ვბრუნდები.
თვითმფრინავში ყოფნისას გამახსენდა, რომ უკვე თითქმის 1 წელი გავიდა, რაც ეს ინტერნეტ გამოცემა დავაფუძნე (შარშან 26 ივნისს გავაგზავნე პირველი მეილი).
სწორედ ეს 1 წელი მინდა შევაჯამო და რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გითხრა...
შარშან 26 ივნისს დავაგზავნე პირველი მეილი 8 ადამიანთან.
აქედან 2 ჩემი მეილი იყო, 1 ჩემი ცოლის, 2 ოჯახის სხვა წევრის. 😂
დანარჩენი 3 უცნობი ინსტაგრამის გამომწერებიდან (დიდი მადლობა მათ) დამემატა.
ამის შემდეგ, კვირაში 1 მეილს ვაგზავნი ხოლმე.
კონკრეტული დროც განსაზღვრული მაქვს. კვირა საღამო, 7 საათი (ამ ბოლო დროს ცოტა ამერია გრაფიკი, თუმცა, დავლაგდები).
რატომ გავაკეთე ეს ინტერნეტ გამოცემა? რა არის ჩემი მიზანი?
პასუხს 3 ნაწილად გავყოფ:
1.თავად მე, წლებია რამდენიმე ცნობილი უცხოური ინტერნეტ გამოცემის გამომწერი ვარ. ამ გამოცემების თემატიკა არის პიროვნული ზრდა/განვითარება. ძალიან მეხმარება და დიდი სარგებელი მოაქვს ჩემთვის. ჰოდა, ვიფიქრე, ქართულად ხომ არ გამეკეთებინა მსგავსი ინტერნეტ გამოცემა, სადაც გამომწერს პირდაპირ მეილზე მიუვათ სასარგებლო ინფორმაცია.
2.მომეწონა იდეა. ჰოდა ავდექი და გავაკეთე ინტერნეტ გამოცემა. შემდეგი ნაბიჯი იყო ნიშის მოფიქრება. ეს გამოცემა კი შევქმენი, მაგრამ რის შესახებ უნდა ვწერო? თემატიკა რა მექნება? ამაზე პასუხის გაცემა არ გამჭირვებია. ნიშად ავიღე ჩემივე ინტერესის სფერო - პიროვნული განვითარება.
3.როგორც გითხარი პირველი მეილი 8 გამომწერთან გავაგზავნე. დღეის მდგომარეობით, ანუ 1 წლის თავზე, ეს რიცხვი 1142 გახდა. ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია და ცოტათი წარმოუდგენელიც ჩემს წერილებს ამდენი ადამიანი რომ ეცნობა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ციფრი ცოტა იყოს. ჩემთვის ძალიან ბევრია და თითოეული გამომწერის უაღესად მადლიერი ვარ.
რა იქნება ჩემი შემდეგი ნაბიჯი? რას ვაპირებ?
ჩემი მიზანი არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება გამომწერების რაოდენობის ზრდა. სულელური მიზანი მგონია.
სწორად გამიგე - 1142 ადამიანი წაიკითხავს ჩემს წერილებს თუ 11 420, ჩემთვის დიდი მნიშნელობა არ აქვს.
ჩემი მიზანია ხარისხიანი და შინაარსიანი წერილები დავწერო.
აი ისეთი პრაქტიკაში რომ გამოგადგება, დაგაფიქრებს, შთაგაგონებს, ახალი ინფორმაციით და დადებითი ენერგიით აგავსებს.
თუ გამომწერთა რიცხვი პარალელურად გაიზრდება, ეს მხოლოდ გამახარებს.
თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი, როგორც ვთქვი, არის ხარისხიანი ინფორმაციის მოწოდება.
ასევე, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა ვთქვა:
როდესაც პიროვნულ განვითარებაზე ვსაუბრობ, არ გეგონოს მე ყველაფერი ,,გამოცნობილი’’ მქონდეს და განსხივოსნებული გურუს პოზიციიდან ვსაუბრობდე.
არანაირად! უფრო მეტსაც გეტყვი - ამ წერილების წერა პირველ რიგში მე მეხმარება. ცოტა არ იყოს ეგოისტური მიზანი მამოძრავებს.
ამ ყველაფერს პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვწერ. ჩემს თავს ველაპარაკები, ჩემს თავს მოვუწოდებ.
და ამ პროცესში ისე აღმოჩნდა, რომ თურმე რასაც ჩემს თავს ველაპარაკები, იგივე თემები სხვასაც აწუხებს. სხვაც ინტერესდება.
ასე რომ, ერთად ვართ ამ მოგზაურობაში.
ყოველკვირეულად იმდენი დადებითი პასუხი მიბრუნდება მეილზე პირდაპირ მაბედნეირებს.
და პრინციპში, ამ გამოცემის მიზანიც ეგ გამოდის - შესანიშნავი და მოქმედებისთვის თავდადებული ხალხი გააერთიანოს.
და ვიცოდეთ ერთი მთავარი ამბავი:
შენ თუ იმყოფები დედამიწაზე, სუნთქავ, ცხოვრობ, წვალობ, მოქმედებ, აწვები და ერკინები გამოწვევებს, ზუსტად იცოდე, რომ მეც შენსავით იმ მომენტში დედამიწის რომელიღაც წერტილში ვიმყოფები და ზუსტად იგივეს ვაკეთებ. ასე რომ - მარტო არ ხარ.
ეს მინდოდა მეთქვა.
აბა, ნაყოფიერ სამუშაო კვირას გისურვებ!
დროებით.
ომარ ნოე წერეთელი.
P.S. დამავიწყდა მეთქვა - YOUTUBE-ის სერიოზულ მოქოქვას ვაპირებ. მომწონს გრძელი ვიდეოების ფორმატი. უფრო მეტ ვიდეოს დავდებ უფრო ხშირად ხოლმე!
Reply