უხილავი გორილა

ანუ რას უნდა ხედავდე, მაგრამ ვერ ხედავ

როგორ შეუძლია საკუთარ გონებას მოგატყუოს, შავზე თეთრი გათქმევინოს, თან ისე, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში.

როგორ შეუძლია გონებას დროებით ,,დაგაბრმავოს’’ და გაურკვევლობის ნისლში გაგხვიოს.

ამ შეკითხვებზე პასუხი საინტერესო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტზე დაყრდნობით გავცეთ და ბოლოსკენ 6 კონკრეტულ გზას გეტყვი, რომლებიც მაქსიმალურად დაგიცავს აშკარა შეცდომებისგან.

ექსპერიმენტს ეწოდება ,,უხილავი გორილა’’ (The Invisible Gorilla).

გადაიღეს მოკლე ვიდეო, სადაც კალათბურთის ორი გუნდი გვყავს მოედანზე.

ერთ გუნდს თეთრი მაისურები აცვია, მეორეს - შავი.

მაყურებლებს მისცეს დავალება - მათ უნდა დათვალონ თუ რამდენჯერ აწვდის ბურთს თეთრმაისურიანი გუნდი, ხოლო შავს ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

რთული დავალებაა, მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

თითოეული გადაცემული ბურთი (,,პასი’’) მაყურებელმა უნდა დათვალოს.

ვიდეოს შუაში, მოედანზე შემოდის გორილას ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, მუშტებს მკერდზე იბრახუნებს და მოედანს გადაკვეთს.

ჯამში გორილა მოედანზე ჩანს 9 წამის განმავლობაში.

ეს ვიდეო ათასობით ადამიანს ანახეს (რომლებსაც ამასთანავე დავალებული ჰქონდათ გადაცემული ბურთების რაოდენობის დათვლა).

ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ვიდეოში უჩვეულო ვერაფერი შენიშნეს.

როდესაც მკვლევარებმა მათ ჰკითხეს, დაინახეს თუ არა მოედანზე გამოსული გორილა, რომელიც მკერდში მუშტებს იბრახუნებდა და მოედანს კვეთდა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ეს ხუმრობად მიიღო. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

რაც შეეხება ხალხის მე-2 ჯგუფს (მათ არ ჰქონიათ მითითება დაეთვალათ გადაცემული ბურთების რაოდენობა), მათ მეოდანზე გამოსული გორილა შეამჩნიეს.

კიდევ ერთხელ:

მაყურებლები, რომლებმაც ეს გორილი ვერ დაინახეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის არც გამოჩენილა. მათ ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლება გამორჩენოდათ ეს მნიშვნელოვანი ფაქტი.

დასკვნა:

ხანდახან ჩვენი გონება შეიძლება დაბრმავდეს და ხელის გულზე არსებული ფაქტები ვერ შენიშნოს.

როდესაც კონკრეტულ საქმეში თავით ვართ გადაშვებული და ჩვენი კონცენტრაცია პიკზეა, არის რისკი მხედველობიდან მნიშვნელოვანი მოვლენები/ფაქტები გამოგვრჩეს.

როდესაც ერთ დავალებაზე მაქსიმალურად ვართ ფოკუსირებული, შესაძლოა მხედველობის არეალი დაგვივიწროვდეს და წინ არსებული უფსკრული ვეღარ შევნიშნოთ.

,,უხილავი გორილას ექსპერიმენტი’’ ამის შესანიშნავი მაგალითია.

როგორ დავიცვათ თავი უნებლიე შეცდომებისგან?

რამდენიმე ვარიანტს გეტყვი:

  1. გაცნობიერება. გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი გონება მიდრეკილია კოგნიტური შეცდომებისკენ და თავისუფლად შესაძლებელია მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს

  2. კონცენტრაცია. ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მნიშვნელოვან საქმეებზე. თუმცა, ვიცით რა 1-ელ პუნქტში მოცემული რეალობა, გონებაში უნდა დავტოვოთ ადგილი ახალი გარემოებებისთვის

  3. მაინდფულნესი. გაცნობიერება და პატივისცემა ამჟამინდელი წამის. აწმყოში ხშირად ყოფნით მოვლენების ჩვენეული აღქმა და შეგრძნება უფრო ბასრი ხდება

  4. განსხვავებული აზრი. ჩვენ აქტიურად უნდა ვეძებდეთ განსხვავებულ მოსაზრებებს კომპეტენტური ხალხისგან. განსხვავებული აზრი კრიტიკული აზროვნების ერთერთი წყაროა. კრიტიკული აზროვნება კი შეცდომებისგან გვიცავს.

  5. იქნებ ვცდები? ეს შეკითხვა უფრო ხშირად უნდა დაისვას. თანამედროვე სამყაროში შეხედულებები, მიდგომები მალე ცვდება. ამიტომაც, ჩვენს წლობით ჩაბეტონებულ შეხედულებებს უფრო ხშირად უნდა გადავხედოთ. იქნებ ვცდებით?

  6. განიავება. ჩემთვის ეს პუნქტი მნიშვნელოვანია. რა საქმესაც არ უნდა ვიყო შეჭიდებული, მისგან დროებით თავის დაღწევა მჭირდება. არ შეიძლება კვირაში 7 დღე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდე. გჭირდება განიავება. გონებას სხვანაირად გიხნის და შესაძლო შეცდომებისგანაც უფრო გიცავს.

ჩემი მოკლე ვიდეოები, რომლებიც შეიძლება გამოგრჩა

როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი?

გთხოვ, გამომეხმაურო და მომწერო ციფრი. 💙 

💌 5 - მომეწონა.

😒 3 - ისე რა.

💢 1 - არ მომეწონა.

Reply

or to participate.