- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- მკვდარი სულები, მიჰაი ჩიქსენთმიჰაი, დეკემბრის თვის გამოწვევა
მკვდარი სულები, მიჰაი ჩიქსენთმიჰაი, დეკემბრის თვის გამოწვევა
გამარჯობა, ❤️🔥

პირველ რიგში, მინდა მივესალმო ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. უკვე 800 + ადამიანი კითხულობს ამ ნიუსლეთერს.
ყოველდღიურად იზრდება გამომწერთა რაოდენობა. ნელი ტემპით, თუმცა მაინც იზრდება. და ეს ყველაფერი რეკლამის გარეშე, თვითდინებით.
თუ რატომ შევქმენი ეს ნიუსლეთერი და საერთოდ რა მიზნები მაქვს, შეგიძლია აქ წაიკითხო.
______________________________________
მიმდინარე კვირაში რამდენიმე საინტერესო რაღაც მოვაგროვე და გიზიარებ.
ნაწყვეტი გოგოლის ,,მკვდარი სულებიდან’’
ამ წიგნს უკვე მეორეჯერ ვკითხულობ. ძალიან მომწონს.
გიზიარებ პატარა ნაწყვეტს წიგნიდან.
ვფიქრობ, აქ აღწერილ ადამიანს ყველა ვიცნობთ:
,,დავუშვათ, არსებობს რაღაც კანცელარია, ოღონდ ჩვენთან კი არა, სადღაც, ცხრა მთას იქით და მას მავანი ჩინოსანი განაგებს: ერთი შეხედეთ, რა სახით ზის თავისივე ხელქვეითებს შორის, შიშისაგან სიტყვასაც კი ვერ შებედავ! სახეზე სიამაყე, სიდიადე და, ღმერთმა უწყის, რაღა არ აწერია... იქვე ფუნჯს უნდა დასტაცო ხელი და ხატვას შეუდგე - ნამდვილი პრომეთეა, გამოცხადებული! არწივის მზერა აქვს, სიარული - დინჯი, გამოზომილი, ოღონდ გამოვა თუ არა ეს ჩვენი არწივი თავისი სამყოფელიდან და ზემდგომის კაბინეტს მიუახლოვდება, მაშინვე მწყერად გადაიქცევა და იღლიაში საბუთებამოჩრილი, ერთაბაშად დაჩავდება... სადმე წვეულებაზე, გარშემო თუ მისნაირები ტრიალებენ, ისევ პრომეთედ რჩება, ოღონდ საკმარისია, ჩინით აღმატებულთა გარემოცვაში მოხვდეს, ეს პრომეთე იმნაირად გარდაისახება, ოვიდიუსსაც სახტად დატოვებდა - ბუზისოდენად კი არა, მთლად მღილისოდენად იქცევა!’’
მიჰაი ჩიქსენთმიჰაის დაკვირვება
„შეეცადეთ ყოველდღე გაოცდეთ რაღაცით. ეს შეიძლება იყოს ის, რასაც ხედავთ, გესმით ან წაიკითხავთ. შეჩერდით როდესაც ავტოსადგომზე დაინახავთ იშვიათ მანქანას, დააგემოვნეთ ახალი კერძი რესტორნის მენიუდან, რეალურად მოუსმინეთ თქვენს კოლეგას სამსახურში. რით განსხვავდება ეს მანქანა სხვა მანქანისგან, ეს კერძი სხვა კერძისგან, ან ეს საუბარი სხვა საუბრებისგან? რა არის მისი არსი? ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ უკვე ყველაფერი იცით სამყაროს შესახებ რა როგორ არის მოწყობილი. რეალურად განიცადეთ ეს ერთი რამ ისე, როგორიც არის და არა ისე, როგორც თქვენ გგონიათ. იყავით ღია და მოუსმინეთ სამყაროს. ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილების ნაკადი - რაც უფრო ფართოდ და ღრმად ცურავთ მასში, მით უფრო მრავალფეროვანია თქვენი ცხოვრება’’
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს:
„არსებობს სამი რამ, რასაც ფულით ვერ იყიდი. ფიტნესი: მდიდარი ხარ თუ ღარიბი, მაინც ვალდებული ხარ იყო კარგ ფორმაში. ჯანსაღი კვება: თქვენ არ შეგიძლიათ ვინმეს გადაუხადოთ რომ თქვენს ნაცვლად იკვებოს ჯანსაღად. ვფიქრობ დიეტა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ჩემს ცხოვრებაში. და ბოლო - საკუთარ სულზე ზრუნვა. თქვენს გარდა არავის შეუძლია თქვენი სულის განკურნება. ამას აკეთებთ რწმენისა და ფილოსოფიის მეშვეობით’’ - Brunello Cucinelli.
სხვა საინტერესო პოსტები:
დეკემბრის თვის გამოწვევა:
გადავწყვიტე ერთგვარი გამოწვევა მოვუწყო საკუთარ თავს.
გამოწვევის შინაარსი შემდეგია:
დეკემბრის თვეში უნდა ვივარჯიშო ყოველდღე. ჩაგდების გარეშე.
ანუ 31 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა მივიდე დარბაზში და ვივარჯიშო. ჯანსაღად და ჯანზე უნდა შევხვდა ახალ წელს.
გამოწვევის დასასრულს მოკლე შეჯამებას გავაკეთებ.
რა მომცა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშმა? რამე შეიცვალა სასიკეთოდ ან პირიქით? ან საერთოდ შევძლებ თუ არა ყოველდღე ვარჯიშს?
ვნახოთ, მგონი საინტერესო პროცესი იქნება. ჯერჯერობით 3/31.
______________________________________
აბა, საინტერესო და ნაყოფიერ სამუშაო კვირას გისურვებ!
მადლობა რომ წაიკითხე.
ნოე წერეთელი.
Reply