უძლიერესი მოტივატორი

1988 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელი მოცურავე მეტ ბიონდი გამოდიოდა

წაიკითხე, გამოიყენე, გარდაქმენი

გამარჯობა, გიგზავნი კვირის ჩანაწერების მორიგ გამოცემას.

კვირის აზრი (დიადი მოტივატორი)

ხშირად მომხდარა, როდესაც კარგ იდეას გავეცნობი, მალევე მავიწყდება.

თითქოს იმ მომენტში მომეწონა, მიმიზიდა, დამაფიქრა კიდეც. თუმცა, მალევე გაფრინდა გონებიდან.

ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ტვინი ამდენ ინფორმაციას უბრალოდ ვეღარ იტევს.

და რეალურად საჭიროა კი ეს ინფორმაცია? ის რაც უნდა ვიცოდეთ, უკვე დიდი ხნის წინ ხომ არ გვაქვს აღმოჩენილი?

ამიტომაც, დღეს გადავწყვიტე, ახალი ინფორმაციის გაზიარების ნაცვლად, კარგად დავიწყებული ძველი გავაცოცხლო.

ეს პატარა სტატია 2024 წლის 3 სექტემბერს გავაზიარე და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა.

მოდი გავაცოცხლოთ და ახლიდან გავიაზროთ:

მოტივაციის შესახებ კარგი რაღაც წავიკითხე დენიელ გოლმენის წიგნში ,,ემოციური ინტელექტი.’’

1988 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელი მოცურავე მეტ ბიონდი გამოდიოდა.

მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა.

თუმცა, პირველივე გამოსვლა (200 მეტრზე თავისუფალი ცურვა) ჩააფლავა.

გულშემატკივარმა იფიქრა, რომ ეს მარცხი მეტს ფსიქოლოგიურად გასტეხდა და შემდეგ სახეობებშიც ბევრს ვერაფერს გააკეთებდა.

თუმცა, მომდევნო ხუთ სახეობაში მეტმა წნეხი დაძლია და მაქსიმუმი დადო - 5 ოქროს მედალი წამოიღო.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ერთერთი მაყურებელი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მეტი თავს მოერეოდა და შედეგს დადებდა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგი მარტინ სელიგენი იყო.

სპორტსმენისადმი რწმენა პროფესორს ესე ჰაერიდან არ გასჩენია.

წლის დასაწყისში პროფესორმა სპორტსმენი შეამოწმა ე.წ. ოპტიმიზმის ტესტზე, სადაც მეტმა უმაღლესი შედეგი აჩვენა.

დენიელ გოლმენი წერს:

,,ოპტიმიზმი, იმედის მსგავსად, გულისხმობს შეურყეველ მოლოდინს, რომ ცხოვრებაში, საერთო ჯამში, ყველაფერი უკეთესად იქნება, წარუმატებლობისა და იმედგაცრუების მიუხედავად. ემოციური ინტელექტის თვალსაზრისით, ოპტიმიზმი პოზიციაა, რომელიც ადამიანს მძიმე განსაცდელის დროს აპათიის, უიმედობისა და დეპრესიისგან იცავს, და მისი უახლოესი ,,ნათესავის’’, იმედის მსგავსად, ოპტიმიზმი ადამიანის ცხოვრებაში დივიდენდის სახით ბრუნდება’’.

აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმი შესაძლოა ერთერთი ეფექტური იარაღი იყოს მოტივაციის ასამაღლებლად!

ოპტიმიზმი განსაზღვრავს, თუ როგორ ავხსნით ჩვენს წარმატებას/წარუმატებლობას.

და რაც მთავარია, სწორედ ოპტიმიზმა უნდა განსაზღვროს მარცხის შემდგომ ჩვენი მოქმედებები.

სწორედ ოპტიმიზმა უნდა დაბადოს მოტივაცია და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი.

ოპტიმისტი ადამიანი მარცხის დროს ფარ-ხმალს არ დაყრის. მარცხიდან ისწავლის და გამარჯების გეგმას დასახავს.

და რას აკეთებს პესიმისტი? ცხვირს ჩამოუშვებს. მის წარუმატებლობას ისეთ რამეს დააბრალებს, რომელზეც მას გავლენა არ აქვს - ამინდს, მთავრობას, მეზობელს, მშობლებს, ნათესავებს. მიზეზი არ გამოელევა.

როგორც გოლმენი წერს:

,,პესიმისტები მარცხზე რეაგირებენ იმგვარად, რომ ვერაფერს მოიმოქმედებენ, რათა სხვა დროს საქმე უკეთ წაუვიდეთ, ამიტომ არც არაფერს აკეთებენ პრობლემის მოსაგვარებლად. მათთვის მარცხი გარდაუვალი შედეგია რაღაც პიროვნული ხარვეზის, რომელიც მუდამ თან სდევს’’.

კარგი ამბავი ის არის, რომ ოპტიმიზმიც და პესიმიზმიც დასწავლადია. პრაქტიკით და მოქმედებით ხასიათის გამოწრთობა შესაძლებელია. ფსიქოლოგები ამას,,თვითეფექტიანობას’’ ეძახიან.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ალბერტ ბანდურა ამბობს:

,,ადამიანების მოსაზრებას საკუთარი უნარ-ჩვევების შესახებ უზარმაზარი გავლენა აქვს ამ უნარ-ჩვევებზე. უნარი არ არის ფიქსირებული თვისება. თქვენს ქმედებებს გასაოცარი ცვალებადობა ახასიათებს. თვითეფექტიანობის უნარის მქონენი მარცხის შემდეგ მალევე მოდიან გონს. გარემოებებს აფასებენ იმის მიხედვით, მათ როგორ უნდა გაუმკლავდნენ, და არ წუხან იმაზე, რომ რაღაც შეიძლება არ გამოუვიდეთ’’.

კიდევ ერთხელ - ოპტიმიზმიც და პესიმიზმიც დასწავლადია. რომელ მხარეს ავირჩევთ ჩვენზეა დამოკიდებული.

  • რეკლამა

ჩემმა მეუღლემ პოდკასტი დაიწყო.

თუ გაინტერესებს საუბარი ცნობილ ადამიანებთან თვითშემეცნების კუთხით, გამოიწერე ანის პოდკასტი.

კვირის ვიდეო

პოდკასტში სტუმრად მყავდა გიორგი დარახველიძე - ფიტნეს ტრენერი და ცნობიერი ფიტნესის დამფუძნებელი. ვისაუბრეთ ვარჯიშზე, წონის კლებაზე და ჯანსაღად კვების ტექნიკებზე.

კვირის ფილმი

ბოლოს ნანახი ფილმებიდან ეს ძალიან მომეწონა.

მიმდინარე კვირისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე,

საუკეთესო სურვილებით,

ომარ ნოე წერეთელი

P.S. ამ კვირაში დაიდება პოდკასტის ახალი ეპიზოდი თორნიკე ბოლოკაძესთან - AI-ის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრებაში. რა უნდა ვიცოდეთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ? გზამკვლევი დამწყებისთვის!

Reply

or to participate.