- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- ჩემი მარცხის ისტორია გასული წლიდან
ჩემი მარცხის ისტორია გასული წლიდან
ბორბალზე მორბენალ თაგვს ვგავდი
გამარჯობა, ❤️🔥
დღევანდელ მენიუშია:
გაცუდებული 2023 წლის რეზოლუცია
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს
პოდკასტის ეპიზოდი, რომელიც მომეწონა
გაცუდებული 2023 წლის რეზოლუცია
ჩემი მარცხის ისტორია მინდა მოვყვე შარშანდელი წლიდან. როგორ გავაცუდე 2023 წლის ჩემი ერთერთი რეზოლუცია და რა მთავარი გაკვეთილი ვისწავლე აქედან.
გადავიდეთ ერთი წლით უკან. არის 2023 წლის დასაწყისი. დიდის ამბით დავისახე წლის მიზანი - დამეკლო 20 კილოგრამი.
ვიყავი 105 და მსურდა 85 კილოგრამზე ჩამოვსულიყავი.
მთელი წლის განმავლობაში ბორძიკ-ბორძიკით მივდიოდი ამ მიზნისკენ: 100, 95, 90, 88. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, კომფორტულად, ლაღად.
თუმცა, წლის განმავლობაში რაღაცნაირად მოვახერხე და წონა ისევ გამექცა. აბა თუ გამოიცნობ 2024 წელს რა წონით შევხვდი?
კარგად დაფიქრდი.
გაჭიმული 105 კილოგრამი. არც მეტი, არც ნაკლები.
ამის გაანალიზება ჩემთვის მაგარი გულდასაწყვეტი იყო.
გული დამწყდა იმაზე, რომ ზუსტად 1 წელი ბორბალზე მორბენალ თაგვს ვგავდი.
ზუსტად 1 წელი დავკარგე და საკუთარი თავი მოვატყუე.
ეხლა ვიღაც იფიქრებს რას ჩავაჯინდი ამ წონას. თუ არ გამოგდის სასურველ წონაზე ყოფნა ,,დაიკიდე’’ და ეგ არის.
მე ესე არ ვუყურებ ამ საკითხს. მე მჯერა ჯანსაღი ცხოვრების, მჯერა სპორტული ცხოვრების და მინდა ჯანსაღად ვიცხოვრო.
ვფიქრობ, სხეული არის ტაძარი, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. ხოლო მისი მოვლა-პატრონობა ჩვენზეა.
აქედან გამომდინარე, 2024 წლის ჩემი ერთერთი რეზოლუცია ისევ ამ თემას უკავშირდება.
ოღონდ ოდნავ განსხვავებული მიდგომით. და იმ ერთი მთავარი გაკვეთილის გათვალისწინებით, რაც შარშანდელმა მარცხმა მასწავლა:
ნებისმიერი მიზნის დასახვას კარგი დაფიქრება და ანალიზი ჭირდება.
მე მიზნად დავისახე 20 კილოგრამის დაკლება. არასწორი იყო.
მე შევებრძოლე სიმპტომს და არა ძირეულ პრობლემას.
სიმპტომია ზედმეტი 20 კილოგრამი. ძირეული პრობლემაა - არაჯანსაღი კვება.
შესაბამისად, ჩემი წლევანდელი რეზოლუცია არის ჯანსაღ კვებაზე გადასვლა. არაფერი გამოვა თუ პრობლემის სათავეს არ მიეხედა. სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა.
ჯანსაღი კვება კიდე მკაცრ ასკეზას არ გულისხმობს. 80/20 პრინციპიც საკმარისია. ანუ 80% შემთხვევებში ჯანსაღად იკვებები, ხოლო 20% დარღვევებისაა. ამ მიდგომით დავდებ შედეგს. და პერიოდულად აქაც მოვყვები ხოლმე.
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს
,,გარანტიას გაძლევ, თუ ჩვევის გამომუშავებას დაიწყებ და მის დაცვას შეეცდები, დადგება დრო, როცა თავის დანებება მოგინდება. როცა ახალ საქმეს ჰკიდებ ხელს, დადგება დღეეები, როცა გენდომება, რომ არაფერი აკეთო. სპორტდარბაზში ვარჯიშის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდება. წერისას რაღაც მომენტში ტექსტის აკრეფა აღარ მოგინდება. მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა, როცა ეს მომაბეზრებელი, საწვალებელი ან მომქანცველია, არის ის, რაც პროფესიონალსა და მოყვარულს ერთმანეთისგან განასხვავებს’’
პოდკასტის ეპიზოდი, რომელიც მომეწონა
გაოცებული ვუსმინე ჯეფ ბეზოსის ეპიზოდს ლექს ფრიდმანის პოდკასტში. 2 საათიანი ეპიზოდია. როგორც წესი მსგავსი საჯარო გამოჩენა იშვიათია ჯეფ ბეზოსისგან. განსაკუთრებით საინტერესო იყო კოსმოსის შესახებ საუბარი. თუ როგორ აპირებს ბეზოსი კოსმოსის ათვისებას და მთვარეზე დასახლებების მოწყობას. საოცარი ეპიზოდი იყო.
აბა სასიამოვნო კვირას გისურვებ!
ომარ ნოე წერეთელი
პ.ს. ვინც დიდი ხანია მომყვებით, იცით, რომ ნიუსლეთერს ყოველ კვირას, საღამოს 7 საათზე ვგზავნიდი ხოლმე. შემდეგ ეს თარიღი ცოტა ამერია და არეულად ვაგზავნიდი.
ისევ კვირა საღამოს მინდა დავუბრუნდე. ვფიქრობ, ნიუსლეთერში მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობის ელემენტი. მკითხველმა უნდა იცოდეს თუ როდის ელოდოს ახალ ნიუსლეთერს.
შესაბამისად, კვირა დღე, საღამოს 7 საათი დაბრუნდა…
Reply