- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- სულ ეს 5 მიმართულებაა
სულ ეს 5 მიმართულებაა
ემოციური ინტელექტი

წაიკითხე, გამოიყენე, გარდაქმენი
გამარჯობა, გიგზავნი ,,კვირის ჩანაწერების’’ მორიგ გამოცემას.
სანამ საქმეზე გადავალთ ერთი თხოვნა მაქვს. ხომ იცი ამ გამოცემას როგორი ხალხი კითხულობს. ცნობისმოყვარე და საკუთარი თავის მუდმივად გაუმჯობესაბზე ორიენტირებული ადამიანები.
ჰოდა, თუ იცნობ მსგავსი ტიპის ადამიანს, მოიწვიე, შემოგვიერთდეს და გახდეს მკითხველი.
ეს ლინკი შეგიძლია გაუზიარო და მოიწვიო.
კვირის აზრი
წინა გამოცემაში ამერიკელი ფსიქოლოგის დენიელ გოლმენის შესახებ ვისაუბრე.
როგორც გითხარი, ეს კაცი იმით გამოირჩევა, რომ დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. ემოციურ ინტელექტს (EQ).
მისი აზრით, წლების განმავლობაში არასწორად ფასდებოდა ადამიანის წარმატება/წარუმატებლობის კრიტერიუმები, რადგანაც მხოლოდ გონებრივი განვითარების კოეფიციენტს (IQ) ექცეოდა ყურადღება.
არადა, გოლმენის აზრით:
,,გონებრივი განვითარების მაღალი კოეფიციენტის მიღება წინასწარ განსაზღვრავდა წარმატებას სკოლის მასწავლებლისა თუ უმაღლესი ლექტორის კარიერაში, მაგრამ ცხოვრებისეული გზა რაც უფრო სცილდებოდა აკადემიურ სარბიელს, მით ნაკლებად იყო გამოსადეგი.’’
რატომ მომწონს გოლმენის ეს მიდგომა იცი?
თითქოს ჩემს შინაგან ხმას ეხმიანება. დიდი ხანია მგონია, რომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა (წარმატების ყველაზე მატერიალური გაგებით) არც ბასრ გონებაზე, არც მაღალ ინტელექტზე, არც განათლებაზე, არც უნივერსიტეტის დიპლომებზე არ არის დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ამათ თავისი როლი აქვთ, თუმცა წამყვანი ფაქტორები სულ სხვა უნდა იყოს. და გოლმენი ამ წამყვან ფაქტორებს ააშკარავებს და ადამიანურ ენაზე ხსნის.
მის წიგნში წავაწყდი ემოციური ინტელექტის სერიოზული მკვლევარების შესახებ ინფორმაციას - ფსიქოლოგები პიტერ სალოვეი და ჯონ მეიერი.
ეს ხალხი თავიანთ ერთობლივ ნაშრომებში ემოციური ინტელექტის 5 ძირითად მიმართულებას გამოყოფენ:
საკუთარი ემოციების ცოდნა - უნარი ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და ამოიცნო ემოციები. თუკი ადამიანს არ შეუძლია ემოციებში გარკვევა, ის მოწყვლადია ემოციების მიმართ.
,,საკუთარ გრძნობებში უაღრესად თავდაჯერებული ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ბევრად უკეთ უძღვებიან, მიღებული გადაწყვეტილებების გამო ბევრს არ ყოყმანობენ.’’
ემოციების მართვა - ემოციების ჩარჩოებში მოქცევა და მათთვის მიმართულების მიცემა.
,,ადამიანები, რომლებსაც ეს უნარი აკლიათ, მუდმივად ებრვიან მტანჯველ შფოთს, ხოლო ისინი, ვინც მას ფლობს, ბევრად უფრო სწრაფად დგება მწყობრში თავს დამტყდარი ცხოვრებისეული წარუმატებლობისა და იმედგაცრუების შემდეგ’’
საკუთარი თავის მოტივირება - გააკეთო შენი გასაკეთებელი, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად გინდა ამის გაკეთება.
სხვების ემოციების ამოცნობა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თანაგრძნობის/ემპათიის უნარი. აღნიშნული უნარით, ადამიანი მოქნილი ხდება სოციუმში. იძენს ძლიერ კავშირებს, რადგან მას ესმის ადამიანების.
ურთიერთობების წარმართვა - ადამიანი სოციალურად კომპეტენტურია თუ არაკომპეტენტური? ადვილად ამყარებს თუ არა ურთიერთობებს? ადვილად ინარჩუნებს ურთიერთობებს და კვებავს მათ?
ბუნებრივია, ყველა ადამიანს განსხვავებული მდგომარეობა ექნება ამ 5 მიმართულებაში. შესაძლოა ჩინებულად შეგვეძლოს თვითმოტივაცია, მაგრამ ემპათია გვაკლდეს. გოლმენი ამბობს, რომ ეს პრობლემა არაა:
,,ემოციურ უნარ-ჩვევებში ჩავარდნები შესაძლოა ამოივსოს: თითოეული მათგანი დიდწილად, ჩვევა და დასწავლილი საპასუხო რეაქციაა, რაც სათანადო ძალისხმევით შეგვიძლია სრულვოთ.’’
*რეკლამა
რა ვაჩუქო? რა მოსწონს? რა გაუხარდება? იქნებ ეს უკვე აქვს?
ეს კომპანია საჩუქრის შერჩევის პროცესს ამარტივებს. საჩუქარიც არასწორი სიტყვაა რა. უფრო დაუვიწყარ ემოციებს არიგებენ.
ხუთჯერ შევიძინე ამათგან და 100% რეკომენდაცია ჩემგან.
სცადეთ კომპანია YOLO - განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქრები საყვარელი ხალხისთვის.
კვირის ფრაზა
,,რა თქმა უნდა, ნიჭი მნიშვნელოვანია. არ ვაპირებ ნიჭის და გენეტიკის უარყოფას. თუმცა, ნიჭს ძალიან ფართო განმარტებას ვაძლევთ. ხშირ შემთხვევაში, ყველაფერი გამძლეობამდე დადის. ჩოგბურთში, ცხოვრების მსგავსად, დისციპლინა ნიჭი ხდება. მოთმინებაც ნიჭი ხდება. ენდო საკუთარ თავს - ესეც ნიჭია. მიიღო პროცესი ისეთი როგორიც არის, შეიყვარო პროცესი - ესეც ნიჭია. მართო ცხოვრება, მართო საკუთარი თავი - ესენიც ნიჭებია. ვიღაც ადამიანს ეს დაბადებიდან აქვს, ვიღაცას კი მათი გამომუშავება უწევს.’’
როჯერ ფედერერი
კვირის ვიდეო
შეიძლება გამოგრჩა - YouTube-ზე ვრცელი პოდკასტი დავდე, სადაც ეფექტური მოლაპარაკებების შესახებ ძალიან კარგი წიგნის (კრის ვოსის ,,არავითარი კომპრომისი’’) შესახებ ვსაუბრობ.
მიმდინარე კვირისთვის სულ ეს იყო. შეხვედრამდე,
ომარ ნოე წერეთელი
წაიკითხე, გამოიყენე, გარდაქმენი
P.S. მოგეწონა დღევანდელი მეილი? გამოუშვი პასუხი. რა შემიძლია გავაუმჯობესო? რაზე ისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას.
Reply