დიდროს ეფექტი - რატომ ვყიდულობთ არასაჭირო ნივთებს?

გამარჯობა,

დღევანდელ მენიუშია:

  • დიდროს ეფექტი

  • რატომ დავიწყე ნიუსლეთერის წერა?

  • ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს

დიდროს ეფექტი

ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა დენი დიდრომ ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბეში გაატარა. თუმცა, 1765 წელს ყველაფერი შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდრო მსოფლიოში უკვე სახელგანთქმული ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი იყო, თავისი ქალიშვილის გათხოვებისას (ამ დროს დიდრო 52 წლის იყო) მზითევის ფულიც კი არ ჰქონდა.

ფილოსოფოსის მატერიალური სიდუხჭირის შესახებ რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ შეიტყო. მან დიდროს 1000 ფუნტი გაუგზავნა (დღეის მდგომარეობით დაახლოებით 70 000 ამერიკული დოლარი) და სანაცვლოდ დიდროს ბიბლიოთეკა გამოისყიდა.

ღარიბი ფილოსოფოსი უეცრად გამდიდრდა. მალევე შეიძინა ძვირადღირებული მეწამული ფერის მოსასხამი. სწორედ აქედან დაიწყო მთელი ამბავი...

მეწამული ფერის მოსასხამი მართლაც საოცარი იყო. მდიდრული, ელეგანტური. მალევე დიდრომ შეამჩნია ერთგვარი შეუთავსებლობა თავის მოსახამსა და სხვა ნივთებს შორის.

როგორც ერთერთ წერილში წერს:

,,ჩემი ახალი მოსასხამის ირგვლივ მოძველებული ნივთები იყო. უბრალო ხის სკამი, ხის მაგიდა, დაძონძილი ხალიჩა, ხის თარო მცირე წიგნებით, რამდენიმე ნახატი ჩარჩოს გარეშე. ახალ მოსასხამთან მიმართებით დისონანსი შეიმჩნეოდა, აღარ არის ერთიანობის განცდა, კოორდინაცია, სილამაზე’’

მან მალევე გადაწყვიტა გარშემო არსებული ნივთები ახლით ჩაენაცვლებინა.

ძველი ტანსაცმელი მოისროლა და შეიძინა დამასკოდან ჩამოტანილი მდიდარული ტანისამოსი. ესეც არ იკმარა. გადავიდა სახლის გალამაზებაზე - შეიძინა ძვირადღირებული ქანდაკებები, ახალი სამზარეულო. იმპერატორისგან ნაჩუქარი თანხა მთლიანად გახარჯა.

ზუსტად ამ  იმპულსური ყიდვის ჩვევას დაერქვა ,,დიდროს ეფექტი’’.

დიდროს ეფექტის თანახმად, ახალი ნივთების შეძენა ხშირად ქმნის ე.წ. მოხმარების სპირალს, რომელიც გვიბიძგებს უფრო ახალი და უფრო მეტი ნივთის შეძენისკენ. შედეგად, ვყიდულობთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ჩვენს წინა მეს არასოდეს სჭირდებოდა.

მაგალითად:

· ყიდულობ სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტს. დარბაზში შეიძლება ჯერ არც გქონდეს ფეხი შედგმული ეგრევე ყიდულობ ახალ სპორტულებს, ბოტასებს, ჩანთას, საკვებ დანამატებს

· ყიდულობ ახალ კაბას. ეხლა გჭირდება შესაბამისი ფეხსაცმელი. შემდგომ შესაბამისი ფერის საყურე და ჩანთა

· ყიდულობ სათამაშო კონსოლს. მერე აღმოაჩენ ტელევიზტორი გაქვს შესაცვლელი და უფრო დიდი გჭირდება. ფიქრობ დინამიკების ყიდვაზეც

· ყიდულობ ახალ დივანს მისაღები ოთახისთვის. აღმოაჩენ, რომ არსებული სკამები და მაგიდა დიდად არ შეესაბამება და იწყებ ყველაფრის შეცვლას.

ჩვენს საზოგადოებაში ისედაც სამომხმარებლო კულტურაა გამეფებული. ყოველთვის ახალ-ახალი რაღაცები გვინდება.

ამ ყველაფერს არც ვუღრმავდებით. რატომ გვინდა ახალი ნივთი? მაგალითად, რატომ გვინდა ახალი ტელეფონი, როდესაც არსებული აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს? რატომ გვინდა ახალი ფეხსაცმელი, როდესაც იმდენი ფეხსაცმელი გვაქვს, ხანდახან არჩევანის გაკეთება გვიჭირს თუ რომელი ჩავიცვათ.

ამის მიზეზებს აქ არ ჩავუღმავდები, შორს წავალთ. რამდენიმე გზას გეტყვით, როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი დიდროს ეფექტისგან:

  • თუ გაქვს ინფორმაციას ამ ეფექტის შესახებ უკვე წინგადადგუმილი ნაბიჯია. შესაბამისად, როდესაც ახალ ფეხსაცმელს იყიდი და გონებაში გაიფიქრებ მთლიანი გარდერობის განახლებას - მინიმუმ ორჯერ დაფიქრდები

  • საყიდლებზე წასვლის წინ ,,ხარჯვის ჭერის’’ დაწესება კარგი აზრია. მკაცრად განსაზღვრე თუ რამდენს დახარჯავ და არ გადააცილო ამ ლიმიტს

  • შეამცირე გარეგანი ზემოქმედების ფაქტორები. სოციალურ ქსელში ონლაინ მაღაზიები თუ გაქვს გამოწერილი და ხშირად გივარდება რეკლამები, დაბლოკე ეგეთი გვერდები. ან შეგიძლია 30 დღე ჩააჩუმო. არის ეგეთი ფუნქცია ფეისბუქზე

  • გაეცი უფრო მეტი. მაგალითად - ყიდულობ ახალ ტელევიზორს. არ დაიტოვო ძველი. გაეცი. ორი ერთნაირი ტექნიკა უფრო მეტი თავის ტკივილია

ალბათ გაინტერესებს საბოლოოდ დიდროს რა ბედი ეწია. არც არაფერი. მიხვდა, რომ ახალი ნივთების აკვიატებულმა შეძენამ სწორი გზიდან გადაახვევინა. ,,როდესაც ამ ვალებს გადავიხდი, სინდისიც დამიმშვიდდება და ჭეშმარიტ ბედნიერებას შევიგრძნობ’’ - წერდა დიდრო თავის წერილებში.

________________________________________________ 

რატომ დავიწყე ნიუსლეთერის წერა?

თუ გაინტერესებს პოსტი დავწერე იმის შესახებ, თუ რატომ დავიწყე ნიუსლეთერის წერა. რა მიზნები და გეგმები მაქვს ამასთან დაკავშირებით. შეგიძლია აქ წაიკითხო

________________________________________________ 

ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს

,,მადლიერების გრძნობას რეალური სარგებელი მოაქვს. კარგად გიცავთ წყენისა და მსხვერპლის მდგომარეობისგან. შეიძლება კოლეგა სამსახურში გჯობნით, მაგრამ მეუღლეს ღალატობს, მაშინ როცა თქვენი ქორწინება სტაბილური და ბედნიერია. ვინ არის უკეთეს მდგომარეობაში - ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეთაყვანებით, მაგრამ ლოთი და ნარკომანია, თუ თქვენ?’’ - ჯორდან პეტერსონი

აბა შეხვედრამდე. კარგ სამუშაო კვირას გისურვებ,

- ნოე წერეთელი

________________________________________

Reply

or to participate.