ჩემი შეცდომა არ გაიმეორო

აჯაფსანდალი პრიორიტეტები

გამარჯობა,

თუ დიდი ხანია მომყვები (უღრმესი მადლობა ამისთვის), იცი, რომ პიროვნული განვითარებით ვარ დაინტერესებული.

მსურს ჩემი შესაძლებლობების  პიკზე ვიყო და ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო ყველა საჭირო ასპარეზზე.

მსურს ყოველდღე ჩემს თავს გავეჯიბრო და გუშინდელ მე-ს ვაჯობო.

თუ შენ ამ გამოცემას კითხულობ, დიდი ალბათობით, ჩვენი სურვილები ემთხვევა ერთმანეთს.

ერთად ვართ ამ მოგზაურობაში.

გზად შეცდომებიც მოგვდის.

სწორედ ერთერთ ასეთ შეცდომაზე მინდა გესაუბრო დღეს, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებდი და ხშირად ვამჩნევ, სხვებსაც როგორ მოსდით იგივე...

ამ შეცდომას დავარქვი- ,,აჯაფსანდალი პრიორიტეტები’’.

ეს არის შემთხვევა, როდესაც ცხოვრებაში გამოყოფ რამდენიმე მსუყე პრიორიტეტს და ყველა მათგანის სისრულეში მოყვანას ერთდროულად იწყებ.

შეცდომაა.

თეორიას თავი დავანებოთ. პრაქტიკაში გეტყვი.

რამდენიმე წლის წინ ჩემი პრიორიტეტები იყო:

  • ინტერნეტში წერის დაწყება, ვიდეოების შექმნა და ორი კაპიკის გამომუშავება

  • ვარჯიშის დაწყება პროფესიონალურ დონეზე

  • საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა

  • კარიერის 180 გრადუსით შეცვლა

  • სიგარეტისთვის თავის დანებება

  • ჯანსაღი კვების დაწყება

  • წონის დაკლება

სასაცილო არ არის? მე მეცინება.

ამ გადმოსახედიდან ხო დღესავით ნათელია, რომ ეს ჩამონათვალი აჯაფსანდალია.

ერთი დიდი აბურდული ქსელია, რომელსაც დედამიწის ზურგზე ვერავინ ამოხსნის.

ცალ-ცალკე აღებული ყველა პრიორიტეტი შესანიშნავია.

თუმცა, ერთდროულად საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაც მინდოდა, თან პროფესიონალურად ვარჯიშის დაწყება, თან ინტერნეტში კონტენტის შექმნა და თან დიდი კარიერული ნახტომის გაკეთება?

ხუმრობაა ეს?

გამოსავალს გეტყვი:

,,აჯაფსანდალი პრიორიტეტების’’ მაქსიმალურად გაცხრილვა და დავიწროება.

ცხოვრებაში ყველაფერს ერთდროულად ვერ შეცვლი. გჭირდება მოთმინება და თანმიმდევრულობა.

ერთდროულად ალბათ, მაქსიმუმ 2-3 მიზანს თუ შეეჭიდები.

ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ მიზნებს, რაღაც საერთო მახასიათებლები და თანაკვეთის წერტილები აქვთ.

შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? მოიწერე, მაინტერესებს.

ჩემი ახალი ვიდეო თუ არ გინახავს: 13 თვისება, რომელიც წარმატებულ ხალხს ახასიათებთ.

YouTube-ზე ხო დავიწყე ვიდეოების დადება. ძალიან მომწონს ეს პროცესი.

მსურს სერიოზული YouTube არხი შევქმა საგანმანათლებლო ნიშაში.

ვიცი, აქამდე ჯერ ბევრი მიკლია.

არ მაქვს ცოდნა ვიდეოების პროფესიონალურ დონეზე გადაღების.

არ მაქვს კარგი აღჭურვილობა (განათება; მიკროფონი და ა.შ.).

არ ვიცი ვიდეოების მონტაჟი.

თუმცა, ყველაფერს ნელნელა მოვაბამ თავს და შევეცდები ვიდეოების ხარისხი გავაუმჯობესო.

სულ ეს იყო.

აბა დროებით.

ომარ ნოე წერეთელი

P.S. თუ რამე კითხვა, შენიშვნა, რეკომენდაცია გაქვს გამოუშვი. ხო იცი ყველა მეილს ვკითხულობ და ვცდილობ პასუხი გავცე. 💛 

Reply

or to participate.