- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- ორი თვისება უკიდეგანო წარმატებისთვის
ორი თვისება უკიდეგანო წარმატებისთვის
ნაწყვეტი ,,მიზნებიდან'', რობერტ გრინი, ძველი აღთქმა
გამარჯობა, ❤️🔥
დღევანდელ მენიუშია:
ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც დაგაფიქრებს
ვიდეოების სერია, რომელსაც გიჟივით ვუყურებ
წიგნები, რომლებსაც გირჩევ
მაშ ასე, დავიწყოთ!
ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც დაგაფიქრებს
წიგნებში ჩანაწერებსა და აღნიშვნებს აქტიურად ვაკეთებ. ჩემი ერთხელ წაკითხული წიგნი უკვე აღარ ვარგა ისეა დაგრეხილი და დაჭეჭყილი.
შემდეგ ეს ჩანაწერები კომპიუტერში გადამაქვს და წლების განმავლობაში ჩანაწერების, ფრაზების ძალიან მაგარი ,,კოლექცია’’ დამიგროვდა, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები.
ამ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს პატარა ნაწყვეტი ბრაიან თრეისის წიგნიდან, რომელიც მინდა რომ გაგიზიარო:
,,ორისონ სუეტ მარდენი თავის წიგნში ამბობს, რომ წარმატების მიღწევისთვის ადამიანს ორი რამ მოეთხოვება:
პირველი, საქმის დაწყებისა და მეორე მისი გაგრძელების უნარია.
მან დაწერა:
,,არა იმ ადამიანისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი სიძლიერე, არის მიზანდასახული და გულმოდგინე, აქვს ძლიერი ნებისყოფა და არც კი იცის, როგორია დამარცხება. იმისთვის, ვინც ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგება, რეზინის ბურთივით ასხლტება, შეუპოვრობას გამოიჩენს მაშინ, როდესაც ყველა ნებდება, იმ ადამიანისთვის, ვინც წინ მიიწევს მაშინ, როდესაც ყველა ფარ-ხმალს ყრის და უკან იხევს, წარუმატებლობა ვარიანტად არ განიხილება’’.
ორი ათასზე მეტი წლის წინ კონფუციმ თქვა:
,,ჩვენი სიდიადე იმაში კი არ არის, რომ არასდროს ვეცემით, არამედ იმაში, რომ მიწაზე ყოველი დანარცხების შემდეგ წამოდგომას ვახერხებთ’’.
ჯეიმს ჯ. კორბერტმა, რომელიც ერთერთი პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო კრივში მძიმე წონით კატეგორიაში, თქვა:
,,ჩემპიონი მაშინ ხდები, როდესაც გაგიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთ რაუნდს გაუძლებ’’.
ამერიკელ ბეისბოლელ იოგი ბერას კი უთქვამს, ,,ბოლომდე არასდროს არაფერია დამთავრებული’’ და ასეცაა: სანამ ფეხზე მყარად დგახარ და წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობ, მართლაც არაფერია დასრულებული.
ალბერტ ჰუბარდმა დაწერა:
,,მხოლოდ მაშინ წააგებ, თუ ცდას შეწყვეტ. ადამიანი მხოლოდ შინაგანად შეიძლება დამარცხდეს, ჩვენ მიერ აღმართული ვერც ერთი თითქოსდა გადაულახავი ბარიერი ვერ გიხსნის თანდაყოლილი გაუბედაობისგან’’.
ყველა ამ წარმატებულმა ადამიანმა ისწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამბედაობა დიადი მიზნების მისაღწევად.
სიმამაცე ყველა წარმატებული ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, ისეთი ადამიანების, რომლებიც, გარემოებების მიუხედავად, დანებებაზე უარს არ ამბობენ.
ერთადერთი, რაც ბიზნესში, ფინანსების დაგროვებასა და საზოგადოდ, ცხოვრებაში წარმატების გარანტირებულად მიღწევაში დაგეხმარება, მტკიცე ნებისყოფა და წინსვლის გაგრძელების უნარია, უნარი, მიზნისკენ სვლა მაშინაც კი გააგრძელო, როდესაც მთელი გულით გინდა გაჩერდე, დაისვენო ან რაღაც სხვაზე გადაერთო’’.
ვიდეოების სერია, რომელსაც გიჟივით ვუყურებ
ეს ვიდეოების სერია წლებია ვიცი. უბრალოდ, აქ არასდროს გამიზიარებია.
ვიდეოების სერია ეხება ბიბლიას. კერძოდ, ძველ აღთქმას. ძველი აღთქმის განმარტებითი ლექციებია.
ლექციებს კითხულობს სასულიერო სემინარიის ლექტორი გიორგი გვასალია.
სასწაულად მაგარი ლექციებია. არ აქვს მნიშვნელობა თეისტი ხარ თუ ათეისტი. დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს მაგრად დააინტერესებს.
ხო გეუბნები, მე წლებია ვუყურებ. ვუბრუნდები სულ.
შეგიძლია აქ ნახო ლექციათა კრებული.
წიგნები, რომლებსაც გირჩევ
ორ წიგნს გირჩევ:
აქ ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩარლზ ბუკოვსკი მაგრად მომწონს. ჰოდა, ბუკოვსკი ვისაც გევასება, გირჩევთ ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომს’’. ეხლა ვკითხულობ და მომწონს. შავი იუმორი. რა თქმა უნდა +18.
მალე ქართულ ენაზე გამოვა რობერტ გრინის საკულტო წიგნი ,,ძალაუფლების 48 კანონი’’. ლურჯი ოკეანე გამოსცემს. დიდებული წიგნია. ინგლისურად რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. როგორც კი გამოიცემა, ეგრევე ვიყიდი. ქართულდაც მინდა მქონდეს.
დღეისთვის სულ ეს იყო. აბა სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებ.
საუკეთესო სურვილებით,
ომარ ნოე წერეთელი.
P.S. ჩემს ნიუსლეთერს და ამ გამოცემებს რამე სახელი მინდა მოვუფიქრო. ჩემი აზრით, ყველაფერს უნდა ჰქონდეს სახელი. ჰოდა, ნიუსლეთერსაც მინდა რამე დავარქვა. ადრე მარტივი სახელით ვაგზავნიდი ,,Tsereteli’s Newsletter’’.
თუმცა, არ მომწონს ეს სახელი. ზედმეტად მარტივია. ჰოდა, შემდეგი სახელი მოვიფიქრე: ,,Wisdom Weekly’’.
შენ რას იტყვი? მოგწონს? ან რამე იდეა თუ გაქ გამიზიარე. შემომთავაზე ნიუსლეთერის სახელი. მადლობა.
Reply