- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- გავიხსენოთ ჩარლი მანგერი
გავიხსენოთ ჩარლი მანგერი
გამარჯობა, ❤️🔥
კვირა დღეს ვერ მოვახერხე მეილის გამოგზავნა. შესაბამისად, დღეს გიზიარებ იმას, რაც შენთან კვირას უნდა მოსულიყო.
29 ნოემბერს უორენ ბაფეტის მეგობარი და მისი მარჯვენა ხელი ჩარლი მანგერი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უჭკვიანესი ინვესტორი იყო. ბაფეტთან ერთად 1959 წლიდან მოდიოდა.
ჭკვიანი კაცი გახლდათ არამხოლოდ ინვესტიციების მიმართულებით, არამედ ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილების და სასარგებლო რჩევების გაზიარების კუთხით.
მისი ყველა ლექცია თუ ინტერვიუ სიბრძნის საბადოა. რასაც გადააწყდები ამ კაცზე, გირჩევ, ყველაფერს გაეცნო და წაიკითხო.
ქვემოთ გიზიარებ ჩარლი მანგერის 10 ცნობილ გამონათქვამს:
,,ზოგადად რომ ვთქვათ, შური, წყენა, შურისძიების სურვილი და საკუთარი თავის შებრალება აზროვნების დამღუპველი მოდელია... ცხოვრებას საშინელი დარტყმები აქვს, საზარელი, უსამართლო დარტყმები. ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს უძლებს, ზოგი ვერა. ვფიქრობ, ეპიქტეტეს ამ საკითხზე ყველაზე სწორი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში მომხდარი ყველა უბედურება რეალურად ახალი შესაძლებლობა იყო გამოცდილების და ცოდნის მისაღებად. შენი მოვალეობაა ცხოვრების დარტყმები შენდა სასიკეთოდ გამოიყენო და არა სინანულში ჩაიძირო’’
,,როგორ უნდა იპოვოთ კარგი მეორე ნახევარი? პირველ რიგში თქვენ უნდა გახდეთ კარგი მეორე ნახევარი. იმისათვის რომ მიიღოთ რაც გსურთ, უნდა იმსახურებდეთ მას’’
,,ვფიქრობ, ადამიანმა ყოველთვის სწორად უნდა შეაფასოს რეალობა. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა მას ეს მოცემულობა’’
,,პირველი წესი არის ის, რომ თქვენ რეალურად არაფერი გეცოდინებათ მხოლოდ იზოლირებული, ფრაგმენტული ფაქტების დამახსოვრებით. თუ მათგან ლოგიკურ ჯაჭვი არ გაქვთ აწყობილი, ჩათვალეთ არაფერი იცით. ალბათ შეგიმჩნევიათ სტუდენტი, რომელიც მხოლოდ ფაქტების დაზეპირებას ცდილობს. ესეთები უნივერსიტეტშიც იჭრებიან და ცხოვრებაშიც. ცხოვრებისეული გამოცდილების პრაქტიკაში გადმოთარგმნა უნდა ისწავლოთ’’
,,მიბაძო ბრბოს ნიშნავს განიცადო რეგრესი’’
,,თუ გსურს კონკრეტულ სფეროში წარმატებას მიაღწიო და გაიბრწყინო, საკითხისადმი ღრმა ცნობისმოყვარეობა შენი განუყოფელი თანამგზავრი უნდა გახდეს. შემიძლია ჩემი თავი ვაიძულო ბევრ სფეროში კარგი ვიყო, თუმცა ვერანაირად ვერ გავხდები ძალიან კარგი, თუ ცნობისმოყვარეობა არ მაქვს’’
,,სწრაფად გამდიდრების სურვილი საკმაოდ საშიშია’’
,,ყოველდღიურად შეეცადე უფრო ბრძენი გახდე ვიდრე წინა დღეს იყავი. ყოველდღიურად გადადგი პატარა ნაბიჯი და ბოლოსკენ, თუ საკმარისად დიდხანს იცოცხლებ (როგორც ადამიანთა უმეტესობა), ცხოვრებისგან მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ’’
,,მხოლოდ ის მინდა ვიცოდე თუ სად მელოდება სიკვდილი, რათა არასდროს გავიარო იმ ადგილას’’ (უფრო ვრცლად შეგიძლია აქ წაიკითხო)
,,ვცდილობ თავი არ გავისულელო ხოლმე. ჩემი მეთოდი მაქვს კომპლექსური პრობლემების მოგვარების - მათ ,,ზედმეტად რთული საკითხების ნაგავსაყრელზე’’ ვტოვებ და ვცდილობ არასდროს გავეკარო’’
ამასწინათ პოდკასტს მოვუსმინე მსოფლიოში ერთერთ ცნობილ ფსიქოლოგთან (ინგლისურად შეგიძლია აქ ნახო) ჩაწერილი ინტერვიუა. ერთმა ნაწყვეტმა მიიქცია ჩემი ყურადღება:
,,რატომ უყვართ ბავშვებს სწავლა? იმიტომ, რომ სწავლა სახალისოა. რატომ გადიან ბავშვები გოლფის მოედანზე და თამაშობენ მანამ, სანამ მზე არ ჩავა. იმიტომ, რომ ეს საოცარი სპორტია. სუპერ სახალისოა. ეს უბრალოდ მომხიბლავია… პირდაპირ იკარგები თამაშში. მაშ, განათლების რომელ ეტაპზე ეწყებათ ბავშვებს სკოლის მიმართ ზიზღი? ეს ხდება მესამე კლასში. და რა ხდება მესამე კლასში? ვიწყებთ ბავშვების ნიშნებით შეფასებას.
მესამე კლასიდან ხდება ბავშვების ,,ეგოს გაღვივება’’. როდესაც ეგოცენტრულ ადამიანს ეკითხებით თუ რატომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს, ის გიპასუხებთ - ,,მიყვარს შეჯიბრობითობა, მიყვარს როცა სხვას ვამარცხებ’’ ან ,,მინდა რაღაც დავამტკიცო. მინდა ყოველთვის სხვას ვუმტკიცო ჩემი შესაძლებლობები’’’’.
გიზიარებ ნაწყვეტს კურტ ვონეგუტის საზეიმო მიმართვიდან:
,,…რაც აქამდე მოგიყევით ახალი ინფორმაციაა, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაწერილი სიტყვა. თუმცა, ტრადიციად მაქვს ჩემი საჯარო გამოსვლები ერთი და იგივე ამბის თხრობით დავასრულო, რომელიც ჩემს ბიძას - ალექს ვონეგუტს ეხება. მამაჩემის უმცროს ძმას.
ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული. ინდიანაში სადაზღვეო ოფიცრად მუშაობდა. ძალიან განათლებული და ბრძენი კაცი იყო. ერთი რამ, რასაც ბიძია ალექსი ადამიანებში ამჩნევდა, იყო ის, რომ ადამიანები იშვიათად აქცევენ ყურადღებას იმ კონკრეტულ მომენტს, როდესაც ბედნიერები არიან.
თავად ის ყოველთვის აკვირდებოდა იმ მომენტს, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობდა. შესაძლოა ზაფხულობით ვაშლის ხის ძირას ვმსხდარიყავით ჭიქა ლიმონათით ხელში, უეცრად საუბარს შემაწყვეტინებდა და მეტყოდა: ,,განა მშვენიერი არ არის ეს ყველაფერი?’’.
შესაბამისად, ვიმედოვნებ, თქვენც ქალბატონებო და ბატონებო, ზუსტად ამგვარად მოიქცევით ცხოვრებაში.
აბა, სასიამოვნო და ნაყოფიერ კვირას გისურვებ!
ნოე წერეთელი
Reply