ამონაწერები წიგნიდან The Mamba Mentality: How I play . ავტორი კობი ბრაიანტი
თავიდანვე საუკეთესოობა მინდოდა
მე მხოლოდ სხეულს არ ვავარჯიშებდი, გონებასაც ვწვრთვნიდი
მუდმივად მქონდა გაუმჯობესების და საუკეთესოობის წყურვილი, დაუოკებელი სურვილი. მოტივაციისთვის გარე ძალების ჩარევა არასდროს მჭირდებოდა
ის, რაც დიდებულ მოთამაშეებს ყველა დროის დიდებულებისგან გამოარჩევს, არის საკუთარი თავის შეფასების, სუსტი წერტილების იდენტიფიცირების და ამ ნაკლოვანებების სიძლიერედ ქცევის უნარი
წლების განმავლობაში ჩემი რუტინა შეიძლება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ფილოსოფია - არასოდეს. თუ რაღაც მანამდე სხვისთვის მუშაობდა და თუ ეს რაღაც შენთვისაც მუშაობს, რატომ უნდა შეცვალო და რატომ უნდა აჰყვე ახალ ტრენდს? მიჰყევი იმას, რაც ამართლებს, მაშინაც კი, თუ ის პოპულარული არ არის
სიდიადისთვის დამატებითი ბიძგი არ მჭირდებოდა. პირველივე დღიდან დომინაცია მსურდა. ჩემი მიდგომა ასეთი იყო: მე შენ ამოგხსნი. იქნებოდა ეს აივერსონი, ტრეისი, ვინსი, თუ დღეს მოვიდოდი კალათბურთში, ლებრონი, რასი თუ სტეფი - ჩემი მიზანი შენი ამოხსნა იყო. ამისთვის კი, ამ თავსატეხების ამოსახსნელად, მზად ვიყავი იმაზე გაცილებით მეტი გამეკეთებინა, ვიდრე ნებისმიერ სხვას
ერთადერთი გზა, რითაც მოედანზე დეტალების შემჩნევას და პარკეტზე არსებული წვრილმანების აღქმას ვახერხებდი, იყო ის, რომ გონებას მოედნის მიღმაც ვავარჯიშებდი და ყოველდღიურ ცხოვრებაში დეტალებზე ვფოკუსირდებოდი. კითხვით, გაკვეთილებზე თუ ვარჯიშებზე ყურადღების კონცენტრაციით და მუშაობით, მე ჩემს ფოკუსს ვაძლიერებდი. ამ ყველაფრის კეთებით, განვავითარე უნარი, ვყოფილიყავი აწმყოში და გონება არ გამფანტვოდა
ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ძალიან პატარა ასაკიდან, ვიდეომასალებს (საუბარია კალათბურთზე) გაუმაძღარივით ვნთქავდი და ყველაფერს ვუყურებდი, რასაც კი ხელში ჩავიგდებდი. ეს ჩემთვის ყოველთვის გასართობი იყო. ზოგს ხომ საათისთვის ყურება სიამოვნებს, ზოგი კი უფრო ბედნიერია, როცა არკვევს, როგორ მუშაობს ეს საათი. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო ყურება, სწავლა და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის დასმა: რატომ?
თუ თამაშში რაიმე სიახლის დანერგვა მინდოდა, ამას მაშინვე ვაკეთებდი. არ მეშინოდა აცილების, ცუდად გამოჩენის, ან შერცხვენის. იმიტომ რომ გონებაში ყოველთვის საბოლოო შედეგი - გრძელვადიანი მიზანი მქონდა. ყოველთვის იმაზე ვიყავი ფოკუსირებული, რომ რაღაცის მისაღებად ცდა იყო საჭირო, ხოლო როცა მივიღებდი, ჩემს არსენალში კიდევ ერთი ინსტრუმენტი მემატებოდა. თუ ამის ფასი ბევრი შრომა და რამდენიმე აცილებული ბურთი იყო, მე ამაზე თანახმა ვიყავი
წიგნების კითხვის პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო ჩემამდე მყოფ დიდ მოთამაშეებთან ურთიერთობის დამყარება. ამის დასტურად ჩემს გაცილების ცერემონიას შეხედეთ და ნახეთ, ვინ იმყოფებოდა იქ. ეს გეტყვით, როგორ მოვახერხე ჩემი მაისურების იქ დაკიდება. იქ იყვნენ ბილ რასელი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, მეჯიქ ჯონსონი, ჯერი ვესტი, ჯეიმს ვორთი. სწორედ ამ ადამიანებმა მასწავლეს ის გაკვეთილები, რამაც კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მომცა. აი, რატომ მიმაჩნია ასე მნიშვნელოვნად გყავდეს მენტორები, ,,გზამკვლევი ვარსკვლავები“, რომელთაგანაც სწავლობ და ვისაც მისაბაძად მიიჩნევ
თუ მართლა გსურს რაღაცაში დიდებული იყო, ეს საქმე ნამდვილად უნდა გადარდებდეს. თუ გსურს კონკრეტულ სფეროში მწვერვალებს მიაღწიო, ამით შეპყრობილი უნდა გახდე. ბევრი ამბობს, რომ სურს იყოს საუკეთესო, თუმცა ისინი არ არიან მზად იმ მსხვერპლის გასაღებად, რასაც დიდებულება მოითხოვს. მათ სხვა საფიქრალი აქვთ - მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. საკუთარ ენერგიას სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ. ეს სრულიად ნორმალურია. საბოლოო ჯამში, დიდებულება ყველასთვის არ არის
დიდებულების მიღწევა ადვილი არ არის. ეს დიდ დროს და დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ეს მოითხოვს ბევრ რთულ გადაწყვეტილებას. ეს შენი საყვარელი ადამიანებისგანაც მოითხოვს მსხვერპლს, ამიტომ შენს გარშემო ოჯახის წევრებისა და მეგობრების გამგები წრე უნდა გყავდეს. ხშირად ადამიანებს ბოლომდე არ ესმით, თუ რამდენი ადამიანის რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმა პიროვნებამ თავის ოცნებას მისდიოს და საუკეთესო გახდეს
უამრავ კითხვას ვსვამდი . ცნობისმოყვარე ვიყავი. მინდოდა გავუმჯობესებულიყავი, მესწავლა და ჩემი გონება კალათბურთის ისტორიით ამევსო. არ ქონდა მნიშვნელობა ვისთან ერთად ვიყავი - მწვრთნელთან, დიდების დარბაზის წევრთან, თუ თანაგუნდელთან. არ ქონდა მნიშვნელობა რა სიტუაციაში ვიყავი - თამაში იქნებოდა ეს, ვარჯიში, თუ შვებულება. კითხვების კორიანტელს ვაყენებდი
ბევრი რამ ვისწავლე მუჰამედის [ალის] შესწავლითა და ყურებით. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის იყო, რომ ბნელში ბევრი უნდა იშრომო, რათა სინათლეზე გაბრწყინდე. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებისთვის უდიდესი შრომაა საჭირო. ხალხი ამ წარმატებას აღნიშნავს, ამ გაელვებასა და აჟიოტაჟს დაუკრავს ტაშს, მაგრამ ამ აჟიოტაჟის მიღმა დგას თავდადება, ფოკუსი და სერიოზულობა - ყველაფერი ის, რასაც გარეშე პირები ვერასდროს დაინახავენ
გარეგანი წნეხი არასდროს მიგრძვნია. ვიცოდი, რისი მიღწევა მინდოდა და ისიც ვიცოდი, რამდენი შრომა იყო საჭირო ამ მიზნების მისაღწევად. შემდეგ უბრალოდ ვშრომობდი და ამ შრომის შედეგის მჯეროდა. გარდა ამისა, მოლოდინები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყენებდი, ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ის, რასაც სხვები ჩემგან ელოდნენ
ჩემი თამაში ისე ავაწყვე, რომ სუსტი წერტილი არ მქონოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად კარგად იცნობდი ჩემს სტილს. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, წლების განმავლობაში ვეთამაშებოდით ერთმანეთს, თუ გარკვეული პერიოდი თანაგუნდელებიც კი ვიყავით. ჩემს წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას ეს არაფერში გეხმარებოდა
ვიდეოჩანაწერების შესწავლით და ვარჯიშების დროს ყურადღების გამახვილებით, ყოველთვის შეგიძლია დაიჭირო რაიმე ნიუანსი, ან სუსტი წერტილი. სინამდვილეში, მე მუდმივად ვაკვირდებოდი, როგორც თანაგუნდელებს, ისე მეტოქეებს. ვსწავლობდი, რამდენად სრულყოფილი იყო მათი თამაში, რამდენად შეუპოვრები იყვნენ და იქვე ვაფიქსირებდი მათ სისუსტეებს. ამ ყველაფერს გონებაში მანამ ვინახავდი, სანამ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოვჩნდებოდით
