გამარჯობა, ❤‍🔥

რას ნახავ ამ მეილში?

  • წიგნის განხილვა - ,,აკოცე ბაყაყს!’’;

  • მუსიკა, რომელიც მომწონს.

წიგნი - ,,აკოცე ბაყაყს!’’ ბრაიან თრეისის ავტორობით

ცოტა რამ ავტორის შესახებ:

ბრაიან თრეისი არის ცნობილი სამოტივაციო სპიკერი და მწერალი პიროვნული განვითარების ჟანრში.

დაიბადა კანადაში. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დაწერილი აქვს 80-ზე მეტი წიგნი. მისი ყველაზე პოპულარული წიგნებია: ,,აკოცე ბაყაყს!’’; ,,მიზნები’’; ,,გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი’’; ,,შეჭამე ბაყაყი’’ და ა.შ.

საქართველოში საკმაოდ პოპულარული ავტორია. პალიტრა L-ის წყალობით მისი არაერთი წიგნი უკვე ვიხილეთ ქართულ ენაზე.

გადავიდეთ წიგნზე:

ძალიან მარტივად საკითხავია. 2 დღეში წავიკითხე. არაფერი რთული. Goodreads-ის რეიტინგი 3.8/5.

წიგნს ყდაზე აწერია:

,,12 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებაში და სამსახურში’’.

მადისაღმძვრელი სათაურია.

მაგრამე ეს ბაყაყები რაღა შუაშია?

რატომ მომიწოდებს ავტორი ვაკოცო ბაყაყს?

რატომ უნდა ვაკოცო?

ან რომელ ბაყაყს ვაკოცო?

საერთოდ რა შუაშია ბაყაყი და პიროვნული განვითარება?

ამ კითხვას პასუხი წიგნის პირველივე ფურცლებზე გაეცემა. ბაყაყი რა თქმა უნდა მეტაფორაა.

ბრაიან თრეისი ჩვენს გონებას ადარებს გუბეს, რომელიც შეიძლება კრისტალივით სუფთა იყოს და მასში პოზიტიური აზრები დალივლივებდნენ, ან პირიქით - დამყაყებული, დაჭაობებული, რომლებსაც ბაყაყები ეპატრონებიან. ისინი ნეგატიური აზრების, პრობლემების, გამოწვევების მეტაფორაა.

წიგნის დასაწყისში ავტორი სვამს კითხვას:

,,ამქვეყნად იმიტომ ცხოვრობთ, რომ რაღაც შესანიშნავი გააკეთოთ, ბედნიერება და სიხარული გამოცადოთ, საუკეთესო ურთიერთობას, საუცხოო ჯანმრთელობას, სრულ კეთილდღეობასა და ყველა სურვილის ასრულებას მიაღწიოთ. მაშ, რატომ არ ცხოვრობთ თქვენი ოცნებების მიხედვით დღესვე?’’

ჩათვალეთ წიგნი პასუხია ამ შეკითხვაზე.

ბრაიან თრეისი გვიზიარებს ტექნიკებს და საიდუმლო იარაღებს თუ როგორ მივაღწიოთ გონებისმიერ სიმშვიდეს და ცხოვრებაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

წარმოგიდგენთ 16 მთავარ გაკვეთილს:

1. ყველა ადამიანი არის მოსიარულე პოტენციალი

,,ცხოვრებისა და სამყაროს თქვენი სურვილისამებრ მოწყობის შეუზღუდავი პოტენციალი და უნარი გაქვთ. ასი ცხოვრება რომ განვლოთ, მას ბოლომდე მაინც ვერ ამოწურავთ. მიუხედავად იმისა, თუ რას მიაღწიეთ ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი მიღწევაც სინამდვილეში შეგიძლიათ’’

2.მთავარი დაბრკოლება ბედნიერი ცხოვრებისთვის არის ის ნეგატიური აზრები, რომლებიც ადამიანის გონებაში წლობით არის ჩაბეტონებული. ავტორი მათ მახინჯ ბაყაყებს უწოდებს;

3.უარყოფითი ემოცია ადამიანის ტვინში ჯერ მცირე დოზით ღვივდება, შემდგომ ნელნელა იზრდება და უფრო დიდი ხდება. ამას ავტორი უწოდებს ,,თოვლის გუნდის პრინციპს’’;

4.უარყოფითი ემოცია ამახინჯებს რეალობას. ასეთ დროს, ადამიანი შორდება აწმყოს, ხდება რეალობის გამრუდება და რაციონალურ აზროვნების დეფიციტი შეიმჩნევა:

,,რაც უფრო ინტენსიურია ნეგატიური ემოცია, მით უფრო შორდება ტანჯული პიროვნება სინამდვილეს და მკაფიოდ ვეღარ აზროვნებს’’

5.არსებობს ნეგატიური ემოციის 5 ძირითადი ფაქტორი: თავის მართლება, იდენტიფიკაცია, ჰიპერმგრძნობელობა, გაკიცხვა, რაციონალიზაცია;

6.დასაძლევია ,,არას’’ და ,,უარის’’ მიღების შიში. ორივე სიტყვა დამარცხებასთან ასოცირდება. მარცხი კი საუკეთესოა მასწავლებელია. ცხოვრებაში ბევრი ,,უარის’’ დაგროვებით ფასდაუდებელ გამოცდილებას ვიღებთ;

7. გადამწყვეტია მოქმედება და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა:

,,თქვენ საფუძვლიანად ვერასდროს ისწავლით მხოლოდ სხვისი გამოცდილების კითხვით, ყურებითა და დაკვირვებით. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ თვითონ იგრძნობთ ტკივილს - ფიზიკურს, ემოციურის ან ფინანსურს’’

8.ცხოვრებაში პრობლემები გარდაუვალია. ისინი აუცილებლად ეწვევა ადამიანს. რომელიღაც სფეროში (იქნება ეს ფინანსური, ოჯახური თუ ჯანმრთელობის კუთხით) კრიზისი ადრე თუ გვიან დადგება. ადამიანი ამისთვის მზად უნდა იყოს;

9.კრიზისი არათუ გარდაუვალია, არამედ პიროვნული განვითარების ერთერთი წინაპირობაცაა:

,,როგორც ჩანს, ადამიანები მხოლოდ ტანჯვის შედეგად სწავლობენ რამეს. ტკივილი აუცილებელი და გარდაუვალია, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ტკივილის განიცდიან, გაკვეთილს ვერ იღებენ და, სავარაუდოდ, კვალაც იმეორებენ იგივე შეცდომას, რომელმაც მათ ტკივილი მიაყენა’’

10.,,აი მე რომ...’’ სიტყვათა წყობა მოსაშორებელია ლექსიკონიდან. მომხდარი მოვლენა უკვე შემდგარი ფაქტია და წარსულის ნაწილია. აღარ შეიცვლება. შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ ადამიანის გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავლისკენ უნდა იყოს მიმართული;

11.ბუღალტერიაში არსებობს ,,დაუბრუნებელი ხარჯის’’ სტატუსი. როდესაც ფული გაიხარჯა და უკან აღარ შემოვა. ცხოვრებაშიც არსებობს ბევრი მოვლენა, რომლებსაც დაუბრუნებელი ხარჯის სტატუსი უნდა განესაზღვროს და საბოლოოდ ჩამოიწეროს;

12.ორი მთავარი მოვლენა, რომლებიც გონებისმიერ გუბურას აბინძურებს: დესტრუქციული კრიტიკა და წარუმატებლობის შიში;

13. მსხვერპლის პოზიციიდან გამოსვლა მნიშვნელოვანია:

,,ადამიანები, რომლებიც თავს მსხვერპლად გრძნობენ, გამუდმებით თავს იმართლებენ. ამჯობინებენ, თავი იმართლონ და ახსნა-განმარტებები აფრქვიონ, და არ სცადონ, მიზანი დაისახონ, პუნქტუალურები, ვალდებულები იყვნენ და ის სამუშაო შეასრულონ, რომლისთვისაც დაიქირავეს. საკუთარი თავი მათ ყოველთვის მსხვერპლი ჰგონიათ’’

14.ადამიანს შინაგანად ანგრევს შური და წყენა. ორივე დაუყოვნებლივ მოსაშორებელია:

,,შურისა და წყენის ნეგატიური ემოციების თავიდან მოშორების გასაღებია - ყოველთვის ის უსურვოთ სხვებს, რაც საკუთარი თავისთვის გინდა’’

15. ბედნიერების საძირკველი არის მიტევება

,,თუ მიტევება არ შეგიძლია, მაშასადამე, ბედნიერებისა და კმაყოფილების დაბალ დონეზე გაიჭედეთ’’

16.არსებობს ადამიანთა ოთხი ჯგუფი, რომელთა მიტევებაც უნდა ვისწავლოთ: მშობლები, ინტიმურ ურთიერთობაში მყოფნი, ყველა დანარჩენი და საკუთარი თავი.

👉 საბოლოოდ:

ამ წიგნში გადმოცემულია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საჭირო ყველა ტექნიკა და აზროვნების წესი.

ერთადერთი რაც აკლია არის სიღრმე.

სიტყვა ,,აკლია’’ შეიძლება უადგილოა და გეტყვი რატომაც:

მე არ ვიცი რა იყო ავტორის განზრახვა ამ წიგნის როცა წერდა. თუ ავტორს სურდა შეექმნა ზოგადი ჩარჩო, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ადამიანის ფსიქოლოგია, ეს შესანიშნავად გამოუვიდა.

ჩათვალე წიგნი არის რთული ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური თემების კონსპექტი. მოკლე შინაარსი.

ეხლა ზემოთა წინადადება რომ დავწერე თავად მომეწონა.

იმიტომ, რომ მგონია ზუსტად დავახასიათე ეს წიგნი - ადამიანის წარმატებული განვითარების უმოკლესი გზამკვლევი, რომელიც თავის წილ გასაკეთებელს მაინც გააკეთებს და მსუბუქ მუჯლუგუნს მაინც ამოგცხებს ერთ ადგილას 😅 და კომპასს გაგისწორებს.

ხოლო თუ სიღრმეებში ჩასვლა მოგინდება, მაგისთვის ადგები და სხვა წიგნებს გადაშლი. პრინციპში, მეც მაგისთვის ვარ, რომ საინტერესო წყაროებით მოგამარაგო.

მუსია, რომელიც მომწონს

Spotify-ის ჯადოსნური ალგორითმის წყალობით ეს მუსიკა აღმოვაჩინე. სუფთა სტოიკური ტექსტი აქვს. მარკუს ავრელიუსის საყვარელი მუსიკა იქნებოდა დარწმუნებული ვარ. 😂

დღეისათვის სულ ეს იყო.

იმედი მაქვს, მოგეწონა დღევანდელი მეილი.

თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, შეგიძლია ამ მეილზევე პასუხი დამიბრუნო. მადლობა.

Reply

Avatar

or to participate

Keep Reading