- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- ღირს კი ამაზე ყურადღების დათმობა?
ღირს კი ამაზე ყურადღების დათმობა?
ჩემი საიდუმლო ის არის, რომ მე ვიცი რა უნდა დავაიგნორო
გამარჯობა,
დღევანდელ მენიუშია:
როგორ ვისწავლოთ დაიგნორება?
რამდენიმე უფასო ელ. წიგნი
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს
სანამ საქმეზე გადავალთ, მინდა მივესალმო ახალ გამომწერებს. კეთილი იყოს თქვენი შემოერთდება. იმედია ისიამოვნებთ. უკვე 1020 ადამიანი კითხულობს ამ ნიუსლეთერს. მაგარია!
ჩვენ ვმარცხდებით და წინ ვერ მივიწევთ იმიტომ, რომ ყურადღება ზედმეტად გაფანტული გვაქვს
წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი ზუსტად ის მგონია, რაც სათაურში წერია.
მარტივად ავხსნი რას ვგულისხმობ და ქვემოთ გეტყვი მე რა მეთოდებით ვუმკლავდები ამ პრობლემას.
წიგნში ,,ალისფერი კვალი’’ შერლოკ ჰოლმსი ამბობს:
,,მიმაჩნია, რომ თავდაპირველად ადამიანის ტვინი პატარა, ცარიელ სხვენს ჰგავს. დროთა განმავლობაში ამ სხვენში ლამაზი ავეჯი შეგვაქვს. და რას აკეთებს სულელი ადამიანი? ყველანაირი ხარახურა, რასაც გზად წააწყდება, შიგნით შემოაქვს. შედეგად, ნამდვილი ცოდნა იჩქმალება, უსარგებლო ნივთების გროვის ქვეშ ექცევა და ხელმისაწვდომი აღარ არის’’.
ეს ფრაზა ცხოვრებაში გამოსაყენებლ კარგ გაკვეთილს გვასწავლის.
დღეს ყველა საუბრობს კონცენტრაციის მნიშვნელობაზე.
თუმცა, მე თუ მკითხავ, უფრო მნიშვნელოვანია დავჯდეთ და გავაანალიზოთ ის აქტივობები, რომლებზედაც კონცენტრაცია არ უნდა მოვახდინოთ და რომლებზეც დრო არ უნდა დავხარჯოთ.
ანუ ,,ნეგატიური მოდელით’’ უნდა მივუდგეთ საკითხს.
ფრენსის კრიკს, რომელმაც დნმ-ის სტრუქტურა აღმოაჩინა, ერთხელ კითხეს თუ რა არის საჭირო ნობელის პრემიის მოსაგებად.
მან უპასუხა:
ოჰ ეს ძალიან მარტივია. ჩემი საიდუმლო ის არის, რომ მე ვიცი რა უნდა დავაიგნორო
მწერალი ჯონ ბერი წერს:
,,აინშტაინმა ერთხელ თქვა, რომ მისი მთავარი მეცნიერული ნიჭი არის უნარი გაეცნოს და წაიკითხოს უამრავი ექსპერიმენტი, ჟურნალი, სტატია და მათგან შეარჩიოს ძალიან ცოტა და მნიშვნელოვანი წყარო. დანარჩენი კი, გვერდზე გადადოს’’
ზუსტად ამგვარად, გვერდზე უნდა გადავდოთ და მოვისროლოთ ის აქტივობები, რომლებიც ჩვენს მიზნებთან თანხვედრაში არ არის.
და რა ხდება დღეს?
ტექნოლოგიურ ეპოქაში უამრავი ყურადღების გამფანტავი საგანია.
სოციალური ქსელები, უაზრო ფილმები, სერიალები, მოწყობილობები, თამაშები, ახალი ამბები, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
შედეგად ჩვენი ყურადღების დიაპაზონი არეულია.
არ გვყოფნის დისციპლინა მოვახდინოთ კონცენტრაცია სასარგებლო აქტივობებზე.
არ გვყოფნის მოთმინება სათანადო დრო დავუთმოთ ერთ საქმეს.
ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა არსებობს:
განვსაზღვროთ რა არის პრიორიტეტი ჩვენს ცხოვრებაში
ულმობლად ამოვჩეხოთ ყველა აქტივობა, რომელიც ამ პრიორიტეტებთან თანხვედრაში არ არის.
მე მაქვს 3 პრიორიტეტი:
ჩემი ოჯახი
ჩემი საქმე
ჩემი ჯანმრთელობა
ეს სამივე გადახლართულია ერთმანეთში.
რაც ამ პრიორიტეტებთან თანხვედრაში არ არის ფეხებზე მკიდია.
მაგალითად, რამდენიმე პრინციპი რომლის დაცვასაც ვცდილობ:
მოთმინება - მოთმინება არის ბევრი რამის გასაღები. როცა რაღაცის მიღწევა გინდა, ამას ჭირდება დრო. დიდი დრო. ეს ყოველთვის უნდა გქონდეს მხედველობაში.
მაგალითად, მე მსურს ეს ნიუსლეთერი გავხადო საქართველოში ერთერთი პოპულარული გამოცემა, რომელიც ხალხს დაეხმარება და რამე ახალ, პრაქტიკულ ცოდნას მისცემს.
მსურს, ათასობით ხალხს მივწვდე. ამას 1-2 თვეში ვერ გავაკეთებ. სამწუხაროდ, ვერც 1-2 წელში. გათვლას ვაკეთებ 5 წლიან პერიოდზე.
სულსწრაფობა ბევრი კარგი იდეის მტერია
ჩემთვის ვარჯიშის დრო არის წმინდა დრო. ვარჯიში პირდაპირ კავშირშია ჩემს ჯანმრთელობასთან. ჩემი ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ჩემს ოჯახთან და საქმიანობასთან.
შესაბამისად, თუ შაბათ დღეს, დილის 8 საათზე უნდა ვიყო დარბაზში, ეს იმას ნიშნავს შაბათ დღეს, დილის 8 საათზე დარბაზში ვარ.
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს ეს რომ არ გავაკეთო. ჩემი 40 წუთიანი ვარჯიში სამყაროს არ დააქცევს
ვისწავლე ,,არას’’ თქმა. თუ რაღაც აქტივობა მაქვს დაგეგმილი ჩემს ოჯახთან და უცებ ვიღაც გამოხტა და მიცვლის ამ დღის წესრიგს, უარს ვეუბნები
თითქმის სრულად ამოვიღე ალკოჰოლი (დალევის შემდეგ, ჩემი მეორე დღე მკვდარი იყო ხოლმე. ეგ კი საკმაოდ დიდი ფასია. არ მიღირს)
ტელევიზორს არ ვუყურებ წლებია. სახლში მაქვს ტელევიზორი და მისი ჩართვა არ ვიცი (ხუმრობის გარეშე)
ჩავეხსენი ახალ ამბებს და პოლიტიკურ სიახლეებს. არ მაინტერესებს
ამ სიას აღარ გავაგრძელებ. მთავარ იდეას უკვე მიხვდებოდი…
რამდენიმე უფასო ელ. წიგნი
თუ ინგლისურად კითხულობ, შენთვის სიურპრიზი მაქვს.
გიზიარებ 4 ძალიან მაგარი წიგნის ოფიციალურ (ლეგალურ) ელ. ვერსიებს.
ოთხივე პიროვნული ტრანსფორმაციის ჟანრს მიეკუთვნება და საუკეთესო წიგნებად ითვლება (1-ლი და მე-3 განსაკუთრებით):
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებს
,,რატომ დებთ რამეს სამომავლოდ? იმიტომ, რომ, ახლა დაუყოვნებლივ არ გინდათ ამის გაკეთება. ლოგიკურად თამაშობთ და ამბობთ, რომ: ,,ძნელია ამის დაუყოვნებლივ გაკეთება, მაგრამ ხვალ უფრო ადვილი იქნება’’. ყოველი ხვალ დღევანდელ დღედ იქცევა და თქვენ იმავეს გაიმეორებთ’’ - ოშო ,,მდოგვის მარცვალი’’.
ინსტაგრამზე დავიწყე ვიდეოების სერია ,,30 დღე 30 პოპულარული წიგნი’’. 1 წუთიან ვიდეოებში ვსაუბრობ პოპულარულ წიგნებზე. შეგიძლია გადახვიდე და ნახო.
სულ ეს იყო. კარგ სამუშაო კვირას გისურვებ!
ომარ ნოე წერეთელი
როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი?
გთხოვ, გამომეხმაურო და მომწერო ციფრი. 💙
💌 5 - მომეწონა.
😒 3 - ისე რა.
💢 1 - არ მომეწონა.
P.S. წინა მეილი თუ გამოგრჩა:
Reply