7 შეკითხვა ძველი წლის შეჯამებისთვის

როგორ შევაჯამოთ 2023 წელი?

ადამიანმა ცოდნა სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მიიღოს: იქნება ეს სკოლა, უნივერსიტეტი, წიგნი, ბრძენი ხალხის მოსმენა.

ამ ყველაფერთან ერთად, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ერთერთი მასწავლებელია. თან ძალიან ძვირფასი მასწავლებელი.

საკუთარი გამოცდილება რამდენადაც ძვირფასი მასწავლებელია, იმდენად რთული რამეა.

დაახლოებით რას გავს იცი?

წარმოიდგინე ძალიან ჭკვიანი პედაგოგი. უდიდესი ცოდნის მატარებელი. თუმცა, ახსნის უნარი არ აქვს. ვერ გადმოსცემს თავის ცოდნას.

ზუსტად ასეთ მასწავლებელს შევადარებდი ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

მაგარი რაღაცების სწავლა შეუძლია ჩვენთვის, თუმცა რთულია მისი გაგება.

და რატომ არის რთული?

დაკვირვება ჭირდება და საკუთარ თავში ჩაღრმავება.

წიგნიდან მარტივია ცოდნის მიღება. ინსტრუქციასავით წერია ყველაფერი შიგნით.

აი გამოცდილებას როცა ეხება საქმე, მანდ ,,შპარგალკა’’ არ გაქვს.

ყველაფერი შენი ამოსახსნელია. შენ უნდა ააწყო ლოგიკური ჯაჭვი.

შენ უნდა ,,გადმოთარგმნო’’ ეგ გამოცდილება და შესაბამისი გაკვეთილები ამოიღო იქიდან.

ეს მიიღწევა ორი გზით:

1. რაც ხდება შენს გარშემო მაქსიმალურად აკვირდები და ყურადღებას აქცევ (როგორც პუბლილიუს საირუსი იტყოდა: ,,ვითარების გაცნობიერებულობას, და არა ასაკს, მივყავართ სიბრძნისკენ’’)

ამის შემდეგ

2. სვამ ზუსტ კითხვებს და პასუხს სცემ მათ.

ელვის სისწრაფით გავიდა 2023 წელი. წინა ახალი წელი გუშინდელივით მახსოვს.

დრო სწრაფად გადის, თუმცა, ამ სისწრაფეში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება.

ცხოვრება ბევრ გაკვეთილს გვიგზავნის, რომელთა ამოცნობასაც ჭირდება:

1. დაკვირვება და ყურადღების მიქცევა

2. კითხვების დასმა და პასუხების გაცემა.

სწორედ ამიტომ, გთავაზობ 7 კითხვას, რომელიც დაგეხმარება გასული წლის შეჯამებაში.

პირველი შეკითხვა:

რასთან დაკავშირებით შევიცვალე აზრი 2023 წელს?

მეორე შეკითხვა:

რა მაძლევდა ენერგიას 2023 წელს?

გაიხსენე ყველა ის აქტივობა თუ საქმიანობა, რომლებიც სასიცოცხლო ძალებით გავსებდა და ხშირად გაიმეორე.

მესამე შეკითხვა:

რა ფლანგავდა ჩემს ენერგიას 2023 წელს?

გაიხსენე ყველა ის აქტივობა თუ საქმიანობა, რომლებიც სასიცოცხლო ძალებს გაცლიდა და სულ უფრო ნაკლები აკეთე.

მეოთხე შეკითხვა:

ვინ იყო მძიმე ტვირთი ჩემთვის 2023 წელს?

ეს კითხვა ურთიერთობებს ეხება. თუ გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც გემის ღუზასავით ჩამოკიდებულია შენზე და გაფერხებს, აკეთებ ორ რამეს:

  •  სამუდამოდ ემშვიდობები

  • მაქსიმალურად ამცირებ მასთან ურთიერთობას

მეხუთე შეკითხვა:

რა არ გავაკეთე შიშის გამო?

მეექვსე შეკითხვა: 

2023 წლის ყველაზე დიდი წარმატება და დიდი იმედგაცრუება?

მეშვიდე შეკითხვა: 

რა ვისწავლე 2023 წელს?

წიგნი, რომელსაც ვკითხულობ

ჩარლზ ბუკოვსკის ,,ფოსტას’’ ვკითხულობ. ამ კაცის სხვა წიგნი (,,ბუტერბროდი ჭვავის პურით’’) რამდენიმე თვის წინ წავიკითხე და მომეწონა.

ვისაც შავი იუმორი და ცოტა გახალისება გინდათ, გირჩევთ.

აქ ვიყიდე.

ვისაც წაკითხული გაქვთ, მოიწერეთ აბა. მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები.

 პოდკასტი, რომელიც მომეწონა

აქტივობა, რომელსაც გირჩევთ

სუხიშვილების კონცერტზე ვიყავი გუშინ. საოცარი რამეა. ვისაც არ გინახავთ სუხიშვილები, უეჭველად უნდა ნახოთ. არ ინანებთ.

აბა ჰე.

ნოე წერეთელი

P.S. ახალი წელი ახლოვდება და ბევრი თქვენგანი დაიწყებს ე.წ. New Year’s Resolution-ების გაწერას.

ანუ მიზნების დასახვას ახალი წლისთვის.

თუ არ გაქვს წაკითხული, გამოგადგება ეს ძველი ნიუსლეთერი. ვსაუბრობ ბრაიან თრეისის წიგნზე ,,მიზნები’’.

Reply

or to participate.