- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- მხოლოდ შენ არ გაქვს პრობლემები...
მხოლოდ შენ არ გაქვს პრობლემები...
ბორსალინოს ტესტი, ცხოველების ფერმა და სხვა.
გამარჯობა! ❤️🔥
დღევანდელ მენიუშია:
ბორსალინოს ტესტი;
ფილმი, რომელიც მომეწონა
პოდკასტი, რომელიც მომეწონა
ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ.
ბორსალინოს ტესტი
ძალიან ცოტას თუ გეცოდინებათ რა არის ბორსალინო. ,,ბორსალინოს ტესტი’’ ხო საერთოდ.
მეც რამდენიმე დღის წინ გავიგე.
შანტარამს ვკითხულობ და იქ შემხვდა.
მოკლედ, ბორსალინო არის მაღალი ხარისხის ფართო ფარფლებიანი შლაპა.
მზადდება შავი ან თეთრი კურდღლის ბეწვისგან. განსაკუთრებით მოდურად ითვლებოდა იტალიელ განგსტერებს შორის.
წიგნის მთავარი გმირი მეგობრებთან ერთად კაფეში ზის. სწორედ აქ ჩამოვარდა საუბარი ,,ბორსალინოს ტესტზე’’:
,,-აი, როგორ მუშაობს ,,ბორსალინოს’’ შპალის ტესტი: ის ცილინდირს სახით უნდა დაახვიო - ძალიან მჭიდროდ - და ნიშნობის ბეჭედში გააძვრინო. თუ ტესტის დასრულების შემდეგ შლაპას ნაკეცები არ გაუჩნდა და პირვანდელ ფორმას დაიბრუნებს, მაშასადამე, ის ნამდვილი ,,ბორსალინო’’ ყოფილა.’’
დამაფიქრა ამ ნაწყვეტმა.
ცხოვრებაში ყველას გვაქვს ჩვენი ,,ბორსალინოს ტესტის’’ ეპიზოდები. აი ისეთი ცხოვრებისეული მომენტები, როდესაც ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავთ.
როდესაც გვგონია, რომ არაფერი გამოვა და ბრძოლას აზრი არ აქვს.
როდესაც გვგონია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფარ-ხმალის დაყრა და დანებებაა.
როდესაც მართლა დავიღალეთ და უკეთესობა არ ჩანს.
არადა, ცივი გონებით თუ შევხედავთ, საქმე გვაქვს უბრალო დაღმასვლის ფაზასთან, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებას ახასიათებს.
ეგ წყვდიადი, რომელიც ჩამოდგება ხოლმე, ყველას ცხოვრებაში ყოფილა, არის ან იქნება.
ეს დაღმასვლის ფაზები ზუსტადაც ,,ბორსალინოს ტესტს’’ ჰგავს.
ცხოვრება ასწილად გადაგვკეცავს ხოლმე ჩვენივე გამოწრთვნის და გაკაჟების მიზნით.
ამ ტესტიდან მთელი გამოვალთ თუ ნაწილ-ნაწილ დაშლილი, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ერთი რამ რაც ცხადია და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები:
,,ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს’’.
ფილმი, რომელიც მომეწონა
სანამ, ამას გეტყოდე მანამდე პატარა ისტორიას მოგიყვები.
2015 წელს საგურამოში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი.
საკმაოდ დიდი ნაკვეთია. დაჩასაც გემრიელად ჩადგამ კაცი და ბაღ-ვენახისთვისაც ქვეყანა ადგილი რჩება.
ჰოდა, სანამ დაჩას ავაშენებ, ნაკვეთი რომ არ მოგვეცდინა ბაღი და ვენახი გავაკეთეთ.
თან ისე დავაპროექტეთ, რომ სახლის აშენებას წამოზრდილი ხეები ხელს არ შეუშლის.
სადღაც მე-7 წელშია უკვე ჩემი ხე-ხილის ბაღი და ვენახი.
თუ რამე ხილი არსებობს საქართველოში ყველაფერი დარგული მაქვს.
ვუვლით, ვუფრთხილდებით, თავზე ვევლებით (ეს ზაფხული ცოტა ჩამივარდა, მაგრამ გამოვასწორებ).
მე როგორი ტიპი ვარ იცი? ბარი და თოხი ცხოვრებაში ხელში არ მჭერია.
სოფლის საქმეების გარტყმაში არ ვარ.
თუმცა, რაც ეს ნაკვეთი მაქვს, მაგრამ მუღამში შევედი.
ბევრი რამე ვისწავლე. თან ჩემი დარგულია ხეები და რომ არ მოვუარო ტეხავს...
ძალიან სასიამოვნო საქმიანობა აღმოჩნდა.
სხვანაირად დავაფასე მიწასთან და ბუნებასთან ახლოს ყოფნა.
უდიდესი განტვირთვის ეფექტი ჰქონია.
ქალაქის ხმაურს და დაძაბული კვირის რითმს როცა მოწყდები და ხე-ხილის მოსარწყავად სიჩუმეში დადიხარ ეზოში - ამ სიამოვნებას ცოტა რამ თუ ჩაანაცვლებს.
ჰოდა, ფილმზე გელაპარაკებოდი. რათ უნდოდა ამხელა შესავალი?
ეს ფილმი ვნახე - The biggest little farm ქვია.
დოკუმენტური ფილმია.
ამერიკელი ცოლ-ქმარი გადაწყვეტს ფერმა გააკეთონ.
შეიძენენ 80 ჰექტარს ლოს-ანჯელესის სიახლოვეს. მივარდნილი, გავერანებული ადგილია.
1 წლის თავზე კი წალკოტად გადააქცევენ.
კარგად გაკეთებული ფილმია. საინტერესოდ არის გადმოცემული ის სირთულეები და წინაღობები, რომელთა დაძლევაც წყვილს მოუწია.
ფილმმა ერთ რამეზე დამაფიქრდა:
ვითომ ხომ აგრალური ქვეყანა ვართ.
ვითომ ხო სოფლის მოძლიერება გვინდა და გულში მჯიღს ვიცემთ.
არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს სოფლის არაფერი აღარ ვიცით.
ცოდნა დაკარგულია (საერთოდ გვქონდა რო?), ტექნოლოგიები არ გვაქვს.
ფილმში ისეთ მომენტებს შეხვდებით თვალებს არ დაუჯერებთ.
ეს ყველაფერი საერთოდ ტექნოლოგიურად თუ ყოფილა შესაძლებელი ვერც კი წარმოიდგენდით.
და მე აქ როცა რაღაც ელემენტარული კითხვები მაქვს, რომელიც სოფლის მეურნეობის ანი-ბანია, მაგაზე ვერ ვიღებ კომპეტენტურ პასუხს ,,გამოცდილი აგრონომებისგან’’.
დამერწმუნეთ, ისიამოვნებთ ფილმისგან. პირატულ საიტებზე დევს (ინგლისურად და რუსულად).
უფასოდ შეიძლება ნახვა.
პოდკასტი, რომელიც მომეწონა
სპოტიფაის დამფუძნებელი იყო DOAC პოდკასტში სტუმრად. კარგი ეპიზოდი იყო.
ფრაზა, რომელიც დაგაფირებთ
,,მომავალი წარსულს ჰგავს, მაგრამ მათ შორის ერთი მთავარი განსხვავებაა. წარსულს ვეღარ შეცვლით, აი, მომავალი კი შეიძლება უკეთესი გახადოთ, რასაც ყოველდღიურად მინიმალური ძალისხმევის ჩადების ხარჯზე მიაღწევთ. ბედნიერება პროცესში უნდა ვეძებოთ და არა შედეგის მიღწევისას მიღებული კმაყოფილების წარმავალ გრძნობაში’’ - ჯორდან პეტერსონი
___________________________________________________________________________________
დღეისათვის სულ ეს იყო.
აბა, შეხვედრამდე.
Reply