- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ ეტყოდა
ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ ეტყოდა
ჯეიმს ქლიერი, ჯენსენ ჰუანგი
გამარჯობა,
ამ კვირაში რამდენიმე საინტერესო რაღაცას გადავაწყდი და გიზიარებ.
ნაწყვეტი ჯეიმს ქლიერის ინტერვიუდან
,,ოცი წლის ასაკში ამბიციური მიზნების სია ჩამოვწერე, რომელთა მიღწევაც მინდოდა. ბანჯი-ჯამპინგზე წასვლა, ფილმის გადაღება, ბიზნესის დაწყება. მსგავსი ტიპის რაღაცები. რამდენიმე მათგანი გავაკეთე კიდეც, თუმცა უმეტესობა - ვერა.
ამის მიუხედავად, როდესაც წარსულში ვიყურები, ეს სია უაღრესად ღირებული აღმოჩნდა. მან მასწავლა დიდი იდეების დევნის სარგებლიანობა. მაშინაც კი, თუკი ისინი არასოდეს განხორციელდება.
იმ ოცნებებმა, რომლებიც ვერ ახდნენ, ფორმა იცვალეს და სხვა საინტერესო გზაზე გამიყვანეს. ყველა ოცნების სისრულეში მოყვანა არც არის მთავარი. მთავარია ოცნება განაგრძო.
სწავლისა და ზრდის პარალელურად, შენი მისწრაფებებიც იცვლება. ძველი ოცნება ახალს ბადებს. და საბოლოოდ, ამ ახალი და უფრო დახვეწილი ხედვებიდან, ერთი აუცილებლად იპოვის თავის დროს და რეალობად გადაიქცევა.’’
ნაწყვეტი ჯენსენ ჰუანგის მიმართვიდან სტუდენტებისადმი
კონტექსი არის შემდეგი:
NVDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი სტენფორდის უნივერსიტეტშია მიწვეული და ესაუბრება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
ინტერვიუერმა შეკითხვა დაუსვა:
,,სტენფორდი სავსეა დამწყები ენტერპრენერებით. რა რჩევას მისცემდით მათ?’’
საოცარი პასუხი გასცა. ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ ეტყოდა. ყურს ჭრის, თუმცა სწორია:
,,ვფიქრობ, ჩემი ერთერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ ძალიან, ძალიან დაბალი მოლოდინები მაქვს. გულწრფელად ვამბობ. სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმეტესობას დიდი მოლოდინები გაქვთ ცხოვრებისგან.
პრინციპში ეს ლოგიკურიცაა - დიდებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გქვიათ. ძალიან წარმატებული იყავით, თქვენს კურსზე გამორჩეული სტუდენტი. ძვირადღირებული სწავლის საფასურიც გადახდის საშუალებაც გქონდათ. საბოლოოდ, სამყაროში არსებული ერთერთი ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი დაამთავრეთ. ამას გარდა, უზომოდ ნიჭიერი კოლეგებით ხართ გარემოცული.
ბუნებრივია, რომ მაღალი მოლოდინები გაქვთ ცხოვრებისგან. თუმცა, იმ ხალხს, რომლებიც ცხოვრებისგან რაღაც განსაკუთრებულს ელიან, დაბალი მედეგობა აქვთ სტრესისადმი.
მედეგობა კი უმნიშვნელოვანესია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ უნდა გასწავლოთ.
ერთადერთი რასაც ვიმედოვნებ არის ის, რომ ცხოვრებაში ტანჯვა-წვალება ნახოთ.
მე ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შემხვდა და ამის გამო იღბლიანი ვარ.
დღემდე ჩემს კომპანიაში ,,ტანჯვა-წვალებას’’ დიდი მხიარულებით ვახსენებ ხოლმე და ამაში გულწრფელი ვარ. შედეგად კომპანიის ხასიათის და ღირებულებების გამოწრთობა ხდება.
სიდიადე ინტელექტიდან არ გამომდინარეობს. სიდიადის წყარო არის ხასიათი. ხასიათი კი მხოლოდ ტანჯვა-წვალებით გამოიწრთობა.
შესაბამისად, თქვენ სტენფორდის სტუდენტებო, რასაც გისურვებდით არის ცხოვრებისეულ გზაზე დიდი დოზით ტანჯვა-წვალება გაიაროთ’’.
შეიძლება ეს გამოგრჩა
დღეისათვის სულ ეს იყო.
აბა, შეხვედრამდე!
ომარ ნოე წერეთელი
როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი?
გთხოვ, გამომეხმაურო და მომწერო ციფრი. 💙
💌 5 - მომეწონა.
😒 3 - ისე რა.
💢 1 - არ მომეწონა.
Reply