- მიიღე ,,კვირის ჩანაწერები'' მეილზე
- Posts
- შიშს დიდი თვალები აქვს
შიშს დიდი თვალები აქვს
სანამ დაამარცხებ...
გამარჯობა,
ახალ გამომწერებს გაუმარჯოს! 💚 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კომფორტულად მოეწყვე, დღეს მაგარ თემაზე უნდა დავილაპარაკოთ.
ერთი კარგი სიახლე მაქვს - თუ ამ ნიუსლეთერის წაკითხვას, მისი მოსმენა გირჩევნია, შენთვის აუდიო ვერსია გავაკეთე, რომელსაც შეგიძლია აქ მოუსმინო.
შიშს დიდი თვალები აქვს
როდესაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გინდა და გსურს გრანდიოზული საქმეები აკეთო, ამ ყველაფერს ყოველთვის თან სდევს შიშის შეგრძნება.
შიში, თავის მხრივ, იწვევს სტრესსა და შფოთვას.
გარდა ამისა, მას ახასიათებს ერთი თვისება - იწვევს შენს პარალიზებას.
ღუზასავით გეჭიდება. ერთი და იგივე ადგილას გაჩერებს.
შენი გონება ყოველთვის ათასნაირ მიზეზს მოგაწვდის, ოღონდაც მოქმედება არ დაიწყო.
ბუზს ყოველთვის სპილოდ გადაგიქცევს.
1.ყელში გაქვს ამოსული შენი სამსახური, წამოსვლა გინდა, მაგრამ ვერ ბედავ?
2.შენი პროფესია, რომელიც წლების წინ აირჩიე რეალურად გეზიზღება და პროფესიის შეცვლა გინდა?
3.აღარ მოგწონს შენი თავი და გინდა ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა, მაგრამ გეშინია ნაბიჯის გადადგმის?
4.სერიოზული სალაპარაკო გაქვს ადამიანთან, მაგრამ ვერასდროს მოაბი თავი?
5.ბლოგის დაწერა გინდა, ვიდეოს გადაღება, კონტენტის კეთება, შენი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ ვერაფრით აჭერ ,,გამოქვეყნების’’ ღილაკს?
ამ ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს - შიში.
ოღონდ ეს შიში თითქმის ყოველთვის გაზვიადებული და გადაჭარბებულია.
საკმარისია მოახდინო შიშის ნაწილ-ნაწილ დაშლა, აღმოაჩენ, რომ თურმე ყველაფერი არც თუ ისე საშინლად არის.
მე გასწავლი ერთ სავარჯიშოს, რომლითაც შიშს ნაწილებად დაშლი, ხელის გულზე გამოაჩენ და მერე თოვლის ფიფქივით გააქრობ.
ეს სავარჯიშო სტოიციზმიდან ვისწავლე.
2 ნაბიჯში მოკლედ ავხსნი და 2 მაგალითის მოგიყვან:
1.მოახდინე დეტალური ვიზუალიზაცია მოქმედების შედეგად გამოწვეული ყველაზე ცუდი შედეგების/სცენარების. ყველაზე უარესი რა შეიძლება მოყვეს შენს ქმედებას?
2. დაფიქრდი რა საფასურის გადახდა მოგიწევს უმოქმედობისთვის?
ჩემი პირადი ისტორია:
ჩემი ცოლისთვის სამსახური სტრესული გახდა.
აშფოთებდა, აღელვებდა. მოკლედ, მენტალური კუთხით დაარტყა.
როგორც უამრავ ადამიანს - მასაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერ ბედავდა.
ბოლოს ეს სავარჯიშო გავაკეთებინე და ვთხოვე, წარმოედგინა ყველაზე საშინელი სცენარი, რომელიც მოყვებოდა მის სამსახურიდან წამოსვლას.
ერთადერთი პასუხი რაც მითხრა შემდეგი იყო:
,,სამსახურის გარეშე დავრჩები, შემოსავალი შეგვიმცირდება. ფული დაგვაკლდება’’.
გასაგები და მოსალოდნელი პასუხია.
ეხლა 10 ბალიან შკალაზე ამ პასუხს ქულა მივანიჭოთ, თუ რა სიმძიმის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
მე ვიტყოდი 3 ან 4 ქულა.
გავიგე რომ შემოსავალი შეგვიცირდებოდა, მაგრამ შიმშილით არ დავიხოცებით, არ გვაწვიმს, არ გვათოვს.
სხვა სამსახურსაც, დიდი ალბათობით, მალევე იპოვის.
შემდეგ ვუთხარი ეფიქრა, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევდა უმოქმედობისთვის?
ანუ სამსახურში რომ დარჩენილიყო რა მოხდებოდა?
მივიღებდით გაფუჭებულ მენტალურ მდგომარეობას, ბევრ სტრესს, შფოთს, რომელიც ყველაფერში აისახებოდა.
10 ბალიან შკალაზე 9 ან 10 ქულას მივცემდი.
მიხვდით ხომ რეალობას? როგორც კი ჩემმა ცოლმა შიშის დეკონსტრუქცია მოახდინა, აღმოჩნდა, რომ საქმე არც თუ ისე საშინლად არის.
და აღმოჩნდა, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლა სამყაროს დასასრული არ არის.
ამ საუბრიდან მე-2 დღეს, წამოვიდა სამსახურიდან. მას მერე 4 თვე გავიდა და ქვეყანა არ დაქცეულა.
მაგალითი მეორე:
ერთერთმა გამომწერმა მეილზე მომწერა ვიდეოების გადაღება მინდა დავიწყო, მაგრამ ვერაფრით ვაბამ თავსო. მეშინია ცუდად გამოვჩნდები ან რამე შემეშლებაო.
შიშის კლასიკური მაგალითია.
ამ ადამიანს პასუხი თამამად დავუბრუნე, რადგანაც ზუსტად იგივე უკვე ჩემს თავზე გამოცდილი მქონდა.
აი რა მივწერე:
ნაბიჯი 1 - უნდა მოახდინო ყველაზე ცუდი სცენარის დეტალურად წარმოდგენა:
წარმოიდგინე, დაიწყე ინტერნეტში კონტენტის კეთება. წერ სტატიებს, ბლოგებს. იღებ ვიდეოებს. აზიარებ ცოდნას.
დაიწყე იმის კეთება, რაც დიდი ხანია გულით გინდა. და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მაგრად გსიამოვნებს.
თითქოს შენი საქმე იპოვე.
ნელნელა ყველამ გაიგო ინტერნეტში შენი მოღვაწეობის შესახებ.
მეზობლებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა, ოჯახის წევრებმა, უცხო ხალხმა.
ბევრმა მხარდაჭერა გამოგიცხადა, უფრო ბევრი კიდე ზურგსუკან დაგცინის, მასხრად გიგდებს.
რეალურად, შენ ამ ბოლო წინადადების გეშინია.
განსჯის გეშინია - ,,რას იფიქრებენ ჩემზე?’’
დაუფიქრდი ვისგან მოდის ეს განსჯა?
ვიღაც რუხი ფერის მასისგან, რომელთა აზრი, წესით, მაგრად უნდა გეკიდოს.
გააცნობიერე, რომ ყველაზე ცუდი სცენარი რაც ამ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს არის შემდეგი - ვიღაც ხალხმა, რომლებიც რეალურად მაგრად გკიდია, შეიძლება ზურგსუკან შენზე გაიცინონ და მასხრად აგიგდონ. მორჩა.
ნაბიჯი 2 - დაფიქრდი რა საფასურის გადახდა მოგიწევს უმოქმედობისთვის?
შენი ოცნებაა შექმნა ინტერნეტ-ბლოგი. ცოდნა გაუზიარო სამყაროს. ააწყო ბიზნესი ამის გარშემო.
და უარს ამბობ ამ ყველაფერზე იმის გამო, რომ გეშინია ხალხი რას იტყვის?
ხუმრობაა ეს?
ანუ შენს ოცნებაზე, შენს ცხოვრებაზე უარს ამბობ ვიღაცის აზრის გამო?
მინდა გითხრა, დიდი იქნება უმოქმედობის საფასური.
მუდმივი სინანულის განცდა გექნება - ,,ნეტავ რა მოხდებოდა კონტენტის კეთება რომ დამეწყო ინტერნეტში?’’.
საბოლოოდ, ამ ადამიანმა მადლობა გადამიხადა, ჩემი ცხოვრება შეცვალეო.
ნებისმიერ ცხოვრებისეულ შიშს შეგიძლია მსგავსი სქემით მიუდგე და ნახავ, როგორ დამცირდება და დაკნინდება.
დღეისათვის სულ ეს იყო.
საუკეთესო სურვილებით,
ომარ ნოე წერეთელი
როგორ მოგეწონა დღევანდელი მეილი?
გთხოვ, გამომეხმაურო და მომწერო ციფრი. 💙
💌 5 - მომეწონა.
😒 3 - ისე რა.
💢 1 - არ მომეწონა.
P.S. წინა მეილი თუ გამოგრჩა:
Reply