ემოციების მართვა და სტოიციზმი

მარკუს ავრელიუსი, სენეკა, ეპიქტეტე

გამარჯობა! ❤️‍🔥 

დღევანდელი მეილში ნახავ:

  • ემოციების მართვა და სტოიციზმის ფილოსოფია;

  • დამატებითი მასალები ამ თემაზე;

  • კვირის ტოპ პოსტები.

წავიდა!

სტოიციზმი და 21-ე საუკუნე

სტოიციზმის ფილოსოფია შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს 2300 წლის წინ დაწერილი აზრები?

რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის?

არის რამე პრაქტიკული, რაც შეიძლება ძველი სტოიკოსებისგან ვისწავლოთ და ჩვენს ყოველდღიურობაში დავნერგოთ?

მოკლედ მოვჭრი - დიახ არის.

ძალიან პრაქტიკული ფილოსოფიაა. ყოველდღიურობაში რომ გამოიყენებ ისეთი!

თუ წარმოდგენა არ გაქვს სტოიციზმის ფილოსოფიის შესახებ, პირობას გაძლევ, ამ მეილის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდები, რომ ეს მხოლოდ ,,ფურცელზე მსჯელობა’’ არ არის და სტოიციზმიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

კერძოდ რისი სწავლა?

  1. ემოციების მართვის;

  2. თვითკონტროლის;

  3. დისციპლინის.

ერთ ამბავს მოგიყვები.

ფილოლოგიის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი, წიგნში ,,საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე’’, იხსენებს მისი სტუდენტობის პერიოდს, როდესაც ლიუვენში ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო.

სწავლობდა ისეთ რთულ საგნებს, როგორებიცაა: ლოგიკა; ეპისტემოლოგია; მეტაფიზიკა და ა.შ.

,,მეგონა ჩავიჭრებოდი და ძალიან ვნერვიულობდი’’ - იხსენებს ლევან გიგინეიშვილი.

სწორედ ამ დროს გადააწყდა სტოიკოსი ფილოსოფოსის ეპიქტეტეს სწავლებას:

,,ნუ ინერვიულებ იმაზე, რაც შენს ძალაუფლებაში არ არის, ინერვიულე მარტო იმაზე, რაც შენს ძალაუფლებაშია, რაც შენ შეგეძლო შეგეცვალა და არ შეცვალე, შეგეძლო სხვანაირად, უკეთესად გაგეკეთებინა, მაგრამ უარესად მოხდა, რადგან შენ თვითონ დაგეზარა მოქმედება’’.

 ამ ფრაზამ გიგინეიშვილს მიდგომა რადიკალურად შეცვალა.

,,მე ხომ არ ვაპირებ გავფლანგო ჩემი დრო, მე ხომ კარგად სწავლას ვაპირებ, ვცდილობ მთელი ძალიხსმევა ჩავდო სწავლაში... რაღას ვნერვიულობ: თუმდაც ჩამჭრან, ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე იმას გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, რაღაზე უნდა ვინერვიულო?’’.

როგორც თავად აღნიშნავს, ამ სიტყვებმა მასზე ,,თერაპიული გავლენა’’ იქონია.

ამგვარად დაეხმარა 2000 წლის წინ დაწერილი სიტყვები...

მგონი უკვე დაგაინტერესე.

მოვუაროთ ცოტა შორიდან.

 

სტოიციზმის მოკლე ისტორია

შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში, ათენში.

მისი შემქმნელი იყო ზენონ კიტიონელი. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სტოიკური სკოლის ჩამოყალიბება.

სახელი ,,სტოიციზმი’’ მომდინარეობს სტოა პოიკილედან, რაც ნიშნავს ,,მოხატულ სტოას’’.

ეს იყო სპეციალური ადგილი ათენში, რომელიც მოხატული იყო მითიური და ისტორიული სცენებით.

სწორედ აქ იკრიბებოდნენ ზენონი და მისი მოწაფეები.

სტოიციზმს ჰყავს 3 გამორჩეული მიმდევარი:

მარკუს ავრელიუსი

დაიბადა 121 წელს რომში. იზრდებოდა რომაული ელიტის ოჯახში. პატარაობიდანვე მიიქცა იმპერატორ ჰადრიანეს ყურადღება და იქცა მის პროტეჟედ. 12 წლის ასაკიდან დაიწყო ფილოსოფიის შესწავლა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სტოიკოს ეპიქტეტეს მოძღვრებით. 161 წელს გახდა რომის იპერატორი. 180 წელს გარდაიცვალა. მისი ცნობილი ნაშრომი გახლავთ ,,ფიქრები’’.

სენეკა

დაიბადა ძვ.წ. 4 წელს, კორდობეში (ესპანეთი). ძალიან მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. მალევე რომში გადავიდა, სადაც საუკეთესო ორატორულ სკოლაში მიიღო განათლება. თავისი ნიჭის წყალობით, სენეკა რომში უმდიდრეს ადამიანად იქცა. ძალიან დიდ ფუფუნებაში ცხოვრობდა. მრავალი თავგადასავალიც გამოიარა. იმპერატორმა კალიგულამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. შემდგომ კორსიკაზე გადაასახლეს, თუმცა იქიდანაც მალევე მოახერხა რომში დაბრუნება. საბოლოოდ, მაინც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - თვითმკვლელობით. ჩვენამდე სენეკას უზარმაზარი მემკვიდრეობაა მოღწეული სხვადასხვა ნაშრომების სახით.

ეპიქტეტე

ეპიქტეტე გახლდათ უბრალო მონა. ეპიქტეტეს პატრონმა დართო მას ნება მიეღო განათლება და დაკავებულიყო ფილოსოფიით. ხოლო ნერონის სიკვდილის შემდგომ მან თავისუფლებაც მოიპოვა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. სხვათაშორის, მარკუს ავრელიუსი,,ფიქრებში’’ მადლობას უხდის თავის მასწავლებელს ეპიქტეტეს სწავლების გაცნობისთვის.

ერთი თავისებურება რაც უკვე დაინახე:

მრავალფეროვანი წარმომადგენლობა ყავს სტოიციზმს.

ერთი იმპერატორი იყო.

მეორე მდიდარი ადამიანი.

მესამე მონა.

უკვე საინტერესოა...

ემოციების მართვა სტოიციზმში

შევაგროვე 16 სტოიკური დაკვირვება, რომლებიც კარგად გადმოსცემს სტოიციზმის ფილოსოფიის არსს ემოციების მართვასთან დაკავშირებით:

1. იყავი, როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები, ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება;

2. ყოველ დილით, უნდა უთხრა შენს თავს: დღეს მე უეჭველად მელოდება შეხვედრა თავხედთან, სულელთან, უკმეხთან, გაიძვერასთან;

3. საგნები, რომელთაც მიელტვი ან გაურბი და რომელნიც ასერიგად გამღვრევენ, თვითონ კი არ გეხვევიან თავს, პირიქით, შენ ეხვევი მათ თავზე. ნუ აიმღვრევ სულს მათზე ფიქრით და ნახავ, როგორ დაცხრებიან და დაგეხსნებიან ისინი;

4. უთუოდ უბედური იქნება ის, ვინც თვალყურს არ ადევნებს საკუთარი სულის მოძრაობას

5. შენ შეგიძლია ყოველ წამს განმარტოვდე შენსავე თავში. ხოლო ყველაზე მყუდრო და უშფოთველი სადგური, სადაც კაცს შეუძლია განმარტოვდეს - სულია მისი... მაშ, მალი-მალ მიაშურე მაგ მყუდრო სადგურს და, ამრიგად, განაახლე შენივე თავი;

6. ნუ შეალევ სხვებზე ფიქრს შენი სიცოცხლის დარჩენილ დღეებს, თუკი რაიმე საყოველთაოდ სასარგებლოს არ ეხება საქმე. რადგან, როცა იმაზე ფიქრობ, თუ ხალხი რას ფიქრობს შენზე, ყოველივე ეს საკუთარ სულზე ზრუნვისგან გარე-მიგაქცევს;

7. არ შეიძლება კაცს შეემთხვეს რამე ისეთი, რისი დათმენის ძალიც არ შესწევს;

8. ცალი ფეხი სამარეში გიდგას უკვე, შენ კი ჯერაც არ შეგიმოსავს უბრალოება და სულის სიმშვიდე, არც შემწყნარებლობა და იმის რწმენა, რომ გარეშე საგნებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ; ჯერაც ვერ შეგიცვნია, რომ სიბრძნე მხოლოდ სიკეთეშია და მართალი საქმის ქმნაში

9. მაშ, ამას იქით, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, რომელსაც ძალუძს ტკივილი მოგაყენოს, ასე შეაგონე შენსავე თავს: ,,ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება’’;

10. მერე რა, თუ ყოველთვის ვერ აღწევ სასურველ მიზანს? ნურც სასოს წარიკვეთ, ნურც მხნეობას დაჰკარგავ და დაეცემი. შენ დამარცხდი, ხელი მოგეცარა? რა ვუყოთ მერე? ხელახლა მიუბრუნდი ხელის მოცარვის მიზეზს და ხელახლა იმოქმედე!;

11. როცა გარემოებათა დამთრგუნველი ძალი გაშფოთებს, მეყსეულად შეეფარე შენსავე თავს, და, თუ აუცილებლობა არ გაიძულებს, ნუ დაარღვევ შენი სულიერი ცხოვრების მშვიდ და თანაბარ რიტმს;

12. ყოველი შეჭირვებისას ასე ჰკითხე საკუთარ თავს: რა არის ამაში დაუთმენელი და დაუძლეველი? გაიხსენე ის, რომ წარსული ან მომავალი კი არ გტანჯავს, არამედ მხოლოდ აწმყო. აწმყო კი ერთადერთ წამამდე დაიყვანება, თუ მას მისივე ხანგრძლივობით გარშემოწერ, და, ამრიგად, შერისხავ შენს სულს: რად ვერ იტანო წამიერ ტკივილს;

13. როდისღა ეზიარები სულო ჩემო სიკეთეს და უბრალოებას? როდისღა იგრძნობ კმაყოფილებას შენი დღევანდელი დღით და დღევანდელი ხვედრით? როდის ირწმუნებ, რომ ყველაფერი ღმერთისგან იღებს დასაბამს? როდის იქცევი ისეთად, რომელიც არც ვის ჰყვედრის რასმე და არც სხვებს აძლევს თავისი გმობის საბაბს?;

14. კაცი, რომელიც დრტვინავს ან უკმაყოფილებას გამოთქვამს ქმნადის გამო, შენს წარმოდგენაში უნდა ჰგავდეს სამსხვერპლო ბურვაკს, რომელიც ხელიდან გასხლტომას ლამობს და გულისწამღებად ჭყვირის მსხვერპლშეწირვის წინ. იგივე ითქმის იმ კაცის მიმართ, რომელიც, სარეცელზე გაშოლტილი, თავის სიმარტოვესა და სიჩუმეში გულამოხვინჩით დასტირის თავის უბედობას;

15. შემიძულებს ვინმე? მისი საქმეა. მე მაინც კეთილმოსურნე და მიმტევებელი ვიქნები კაცთა მიმართ, რათა, ამრიგად ვუჩვენო მათ, რარიგად სცდებიან;

16. ადამიანს რაც აღონებს არის არა თავად განსაცდელი, არამედ მისი დამოკიდებულება ამ განსაცდელის მიმართ.

 

დამატებითი მასალა სტოიციზმსა და ემოციების მართვაზე

კვირის ტოპ პოსტები

დღეისათვის სულ ეს იყო.

შეხვედრამდე. 🤍 

 

P.S. თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, შენიშვნა, წინადადება, რჩევა/რეკომენდაცია შეგიძლია პასუხი დაუბრუნო ამ მეილს და გავეცნობი. ყველა მონაწერს ვკითხულობ.

 

 

Reply

or to participate.