N6 📚 12 ივლისის ნიუსლეთერი

🤩მოგესალმებით,

რას ნახავთ ამ მეილში?

  • წიგნი, რომელსაც გირჩევთ (პიანისტი);

  • ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ;

  • პოდკასტი, რომელსაც გირჩევთ (მაგარი სტუმარი ყავს);

  • დამაფიქრებელი ამბავი

  • რა დავამუღამე ამ კვირაში? 🤨 

წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ:

ვლადისლავ შპილმანის ,,პიანისტი’’.

წინა ნიუსლეთერში ვიქტორ ფრანკლის წიგნზე გესაუბრე. წიგნზე, რომელიც ეხება მე-2 მსოფლიო ომს, ჰოლოკოსტს და ადამიანის ტანჯვას. ისევ იმავე ხაზს ვაგრძელებ… ისევ ომი, ისევ საკონცენტრაციო ბანაკი. მაშ ასე, წიგნი - ,,პიანისტი’’.

,,პიანისტი’’ არის ძლიერი და ამაღელვებელი წიგნი ვლადისლავ შპილმანის ავტორობით. ეს კაცი იყო პოლონელი ებრაელი, პროფესიით პიანისტი, რომელიც ჰოლოკოსტის საშინელებებს გადაურჩა. წიგნში გადმოცემულია შპილმანის ღრმა და სულისშემძვრელი ისტორია მე-2 მსოფლიო ომის დროს, ვარშავის გეტოს დაარსების სათავეებთან, რომელიც შემდგომ გვირგვინდება გეტოდან გაქცევით და გათავისუფლებით.

წიგნის ერთერთი გასაოცარი მხარეა შპილმანის უნარი, გადმოსცეს ის ემოციური ტურბოლენცია, რომელსაც ავტორი განიცდიდა ვარშავის გეტოში. მისი წერის სტილი არის შიშველი სიმართლე და აღწერს იმგვარ სისასტიკეებს, რომელთა მიმართაც გულგრილნი ვერ ვრჩებით.

ნაწყვეტი წიგნიდან:

,,რაც შეიძლება სწრაფად წამოდგა ყველა, ოჯახის უფროსის გარდა. მოხუცი კაცი იყო, ფეხები არ ემორჩილებოდა. გაცოფებული უნტერ-ოფიცერი მაგიდასთან მივიდა, ზედ ხელებით დაეყრდნო, ხეიბარს თვალები დაუბრიალა და ხელმეორედ ამოიღრინა:

- ადექი!

მოხუცი სავარძლის სახელურებს ჩაებღაუჭა და დიდი წვალებით სცადა წამოდგომა, ავადმყოფს ხელი დაავლეს, სავარძლიანად აიტაცეს, აივანზე გაიყვანეს და მე-3 სართულიდან გადააგდეს.’’

წიგნში შეხვდებით შპილმანის შიშებს, სასოწარკვეთას, უიმედობის განცდას, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო გეტოში ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულებით.

მეორე მხრივ, აღფრთოვანებას იწვევს ავტორის სულიერი მედეგობა განსაცდელის მიმართ. სწორედ ეს სულიერი მდგრადობა არის იმ უმცირესი იმედის წყარო, რომელიც უკუნით სიბნელეში მკრთალად ანათებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ხალხი, რომლებსაც შპილმანი გეტოში ყოფნის პერიოდში ხვდება. კოლეგა პატიმრებით დაწყებული, უბრალო, უცხო ხალხით დამთავრებული, რომლებიც თანაგრძნობით არიან გამსჭვალულნი პატიმრების მიმართ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გერმანელი, რომელიც ბოლოს ავტორს ეხმარება გადარჩენაში.

საბოლოო ჯამში, პიანისტი არის დამატყვევებელი და დაუვიწყარი მემუარი, რომელიც სარკმელივით იჭვრიტება კაცობრიობის ერთერთ ყველაზე შავბნელ ისტორიულ პერიოდში. შპილმანის ეს წიგნი სავალდებულო საკითხავია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჰოლოკოსტის ისტორიით, მე-2 მსოფლიოთ ომით ან უბრალოდ ადამიანის სულის მდგრადობით, როდესაც ის ენითაღუწერელ ბოროტებას ეჯახება.

ფრაზა, რომელიც დაგაფიქრებთ:

საბაზე ვკითხულობ სენეკას წიგნს. თითქმის ყველა სიტყვა მარგალიტია. სტოიციზმის ფუძემდებლებმა სერიოზული საგანძური დაუტოვეს კაცობრიობას თავიანთი სწავლების სახით.

,,მე შევიძულებ სიმდიდრეს, რომელიც გამაჩნია, და არ ვისურვებ ისეთს, რომელიც არ მაქვს; არ დავმწუხრდები, თუ ის სხვის სახლში იქნება, არ გავიხარებ, თუ ჩემს გარშემო გაიბრწყინებს. არ ვინაღვლებ ბედის ჭირვეულობის გამო, მიუხედავად იმისა, მიახლოვდება ის თუ მშორდება. ისე ვიცხოვრებ, თითქოს სხვათათვის ვიყო გაჩენილი, და ბუნების მადლიერი ვიქნები ამისთვის’’ - სენეკა

პოდკასტი, რომლის მოსმენასაც გირჩევ:

4X MR. Olympia კრის ბამსტედი ყავს კრის ვილიამსონს მიწვეული სტუმრად. კრის ბამსტედი ფენომენალური ბოდიბილდერია. ძალიან საინტერესოა მისი მოსმენა. რა მომეწონა ამ პოდკასტიდან?

  • ბამსტედი ძალიან გულწრფელად საუბრობს თავის თავზე და აღწერს იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს ბოდიბილდინგს. საუბრობს თუ რა საფასურს იხდის მსოფლიოში N1 ბოდიბილდერად ყოფნაში;

  • იხსენებს თავის ისტორიას, როდესაც მე-4 MR.Olympia-მდე 1 კვირაღა იყო დარჩენილი და სტრესმა იმდენად ჩაავლო ხელი, რომ სააბაზანოში ჩაიკეცა და მწარედ ტიროდა. საბოლოოდ მისმა საცოლემ დაამშვიდა. ეს ისტორია ძალიან ბევრი რამის მთქმელია;

  • ღიად საუბრობს ბოდიბილდინგის ტოქსიკურ მხარაზე, რაც დაკავშირებულია სტეროიდების გადაჭარბებულ მოხმარებასთან.

დამაფიქრებელი ამბავი:

პატარა ზღვისპირა სოფელში ერთი მეთევზე ცხოვრობდა, რომელსაც ხის ნიჩბიანი ნავი ჰქონდა. ერთ დღესაც, ნაყოფიერი თევზაობის შემდგომ, დატვირთული ნავით ნაპირს მოადგა, რა დროსაც იქვე დასასვენებლად მყოფმა ბიზნესმენმა შენიშნა და მეთევზეს ჰკითხა: ,,რამდენი ხანი დაგჭირდა ამდენი თევზის დასაჭერად?’’. ,,მხოლოდ რამდენიმე საათი’’ - მიუგო მეთევზემ.

ბიზნესმენმა ეგრევე სარფიანი გეგმა მოხაზა გონებაში და მეთევზეს შესთავაზა უფრო დიდ და თანამედროვე თევზსაჭერ გემს შეუძენდა, რითაც გაცილებით მეტ თევზს დაიჭერდა და ბევრ ფულსაც გააკეთებდნენ ერთობლივად.

,,და მერე რა იქნება?’’ - ჰკითხა მეთევზემ

,,ჩვენს ქარხანას გავხსნით და საუკეთესო თევზის დისტრიბუციას მოვახდენთ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში’’ - მიუგო ბიზნესმენმა

,,და მერე რა იქნება?’’ - ჰკითხა მეთევზემ

,,საბოლოოდ ბიზნესი ისეთ მასშტაბებს შეიძენს, რომ კარგ ძალ ფულს დატოვებს’’ მიუგო ბიზნესმენმა

,,და მერე რა იქნება?’’ - ჰკითხა მეთევზემ

,,იმდენს ფულს იშოვი, რასაც გინდა იმას გააკეთებ. პენსიაში გახვალ, ზღვისპირა სოფელში დასახლდები, პატარა ნავს იყიდი და ითევზავებ იმდენს რამდენსაც მოისურვებ’’ - უპასუხა ბიზნესმენმა

მეთევზე ცოტა არ იყოს დაიბნა და მალევე მიუგო - ,,და ამას ეხლაც ხო ვაკეთებ?’’.

მთავარი გაკვეთილი: უდიდესი ფუფუნებაა გქონდეს იმის, შესაძლებლობა, ყოველგვარი წინაღობების გარეშე აკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა.

რა დავამუღამე ამ კვირაში?

💪💪 ვარჯიშის სამყაროდან - ზემოთ პოდკასტზე რომ გელაპარაკე. მაგ პოდკასტში მასპინძელი ეკითხება კრის ბამსტედს ერთ მაგარ კითხვას - ,,კუნთის გაზრდის მიზნით მხოლოდ 10 ვარჯიშის დატოვების უფლება რომ გქონდეს რომლებს აირჩევდი?’’. ხოდა აი ეგ დავამუღამე ზუსტად. როცა 4 გზის Mr. Olympia პასუხობს ამ შეკითხვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ მოკვდავებს გამზადებული სავარჯიშო პროგრამა გვაქვს ხელთ. მეტი არც არაფერია საჭირო…

ბამსტედის პასუხი:

  1. Squats

  2. Deadlift

  3. Pullups

  4. Incline Dumbbel Bench

  5. Dumbbell Shoulder Press

  6. Standing Dumbbel Curls

  7. Bent Over Row

  8. Hanging Leg Raises

  9. Lateral Raises

  10. Barbell Bench Press

    დღეისთვის სულ ეს იყო. აბა შეხვედრამდე :)

Reply

or to participate.