თავდაჯერებულობის შესახებ

ერთერთმა გამომწერმა მკითხა როგორ გავხდე უფრო თავდაჯერებულიო

გამარჯობა,

დღევანდელ გამოცემაში ნახავ:

  • კვირის აზრი (თავდაჯერებულობის შესახებ)

  • კვირის ფრაზა (ბალზაკის ,,შაგრენის ტყავი’’)

  • კვირის წიგნი (მაგარი უცნაური რამე წავიკითხე)

კვირის აზრი

ერთერთმა გამომწერმა მკითხა როგორ გავხდე უფრო თავდაჯერებულიო.

ეს ადამიანი 23 წლისაა. ამ ასაკში ეს კითხვა ხშირად აწუხებთ. თუმცა, არც ,,ასაკში შესულ’’ ხალხს ულხინს ხოლმე ამ კუთხით.

მე ზუსტი რეცეპტი მაქვს თავდაჯერებულობის სწრაფად ასამაღლებლად, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებ.

აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნულ კითხვაზე ბევრნაირი პასუხი არსებობს. თუმცა, მე ჩემებური ვარიანტი მაქვს, რომელმაც ჩემს შემთხვევაში მაგრად იმუშავა.

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი - ურყევი თავდაჯერებულობის სწრაფად შესაქმნელად გჭირდება მტკიცებულებების სწრაფად მოგროვება.

თავდაჯერებულობას ჰაერიდან ვერ მოიტან. ვერც მაღაზიაში იყიდი. ვერც მეგობარს დაესესხები.

მტკიცებულებები გჭირდება და ამ მტკიცებულებებს სხვა სიტყვებით ,,რთული საქმეები’’ ქვია.

თუ არაფერს აკეთებ, დროს ფლანგავ და მავნე ჩვევების კოლექციონერი ხარ, თავდაჯერებულობა საიდან უნდა გქონდეს? დივანზე წამოგორებას, სერიალების უნორმოდ ყურებას, მოწევას, დალევას, საშინელ გარემოცვაში ყოფნას თავდაჯერებულობა არ მოაქვს.

სანაცვლოდ რა უნდა გააკეთო? აირჩიე რამე რთული საქმე/საქმეები (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დაისახე გრანდიოზული მიზანი/მიზნები) და მათ მიყევი!

რთული საქმე ათასნაირი რამ შეიძლება იყოს:

  • ძილის რეჟიმის მოწესრიგება

  •  ჯანსაღ კვებაზე გადასვლა

  • უცხო ენის სწავლა

  • გარემოცვის შეცვლა

  • ვარჯიშის დაწყება

  • კითხვის დაწყება

  • ადრე გაღვიძება

ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ადამიანს გააჩნია.

რთული საქმეების გაცამტვერებით მტკიცებულებები გაგიმაგრებს ზურგს და შინაგანად გეცოდინება, რომ მაგარი ტიპი ხარ.

ანუ საყრდენს უქმნი საკუთარ თავს. თავდაჯერებულობის სათავო ნაგებობას აშენებ, საიდანაც იგი უშრეტად წამოვა.

აკეთე რთული საქმეები!

კვირის ფრაზა

 ,,შაგრენის ტყავში’’ ბალზაკს ერთი ასეთი დიალოგი აქვს:

,,-მინდოდა გამეგო, ფიქრობ თუ არა როდისმე მომავალზე? - ჰკითხა ამ ლამაზ არსებას ემილმა.

-მომავალზე? -უპასუხა ქალმა სიცილით: რას უწოდებთ მომავალს? რად ვიფიქრებდი ასეთ რამეზე, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს? მე არასოდეს ვიცქირები არც ჩემ წინ, არც ჩემ უკან. განა საკმარისი არ არის, რომ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ?’’

ამ პატარა მონაკვეთში მთელი აღმოსავლური სიბრძნე ძალიან ლამაზად არის ჩატეული. დღევანდელ დღეზე ფიქრი აწმყოში ყოფნისკენ მოწოდებაა. მჯერა, რომ აწმყოში ცხოვრება და თითოეული დღით ტკბობა ჩვევაა, რომლის გამომუშავებით ძალიან ბევრს მოვიგებთ.

კვირის წიგნი 

კარგა ხნის წინ მეგობრის რჩევით ვიყიდე იუკიო მიშიმას ,,ოქროს ტაძარი’’.

როგორც იქნა წავიკითხე. ვინც არ იცით, ეს წიგნი იაპონური ლიტერატურის შედევრად ითვლება. ქართულად დიოგენემ გამოსცა.

ერთერთი ყველაზე უცნაური წიგნია რაც წამიკითხავს. ასევე, ძალიან უცნაური პერსონაჟები ყავს. წიგნმა უმრავი კითხვა დამიტოვა. შეიძლება ვიდეოც ჩავწერო YOUTUBE-ისთვის.

მიმდინარე კვირისთვის სულ ეს იყო.

ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი INSTAGRAM და YOUTUBE რას ელოდებით?

საუკეთესო სურვილებით,

ომარ ნოე წერეთელი

Reply

or to participate.