უნარი, რომელიც მასისგან გამოგარჩევს

ბევრმა ეს არ იცის...

გამარჯობა,

მივესალმები ახალ გამომწერებს. ერთ კვირაში 100 ადამიანი დაემატა ჩვენს გაერთიანებას. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით ნიუსლეთერის გამოწერისთვის.

 

დღევანდელ მეილში ნახავ:

  • უნარი, რომელიც მასისგან გამოგარჩევს

  • რთული გადაწყვეტილების მიღების გამოსადეგი ტაქტიკა

     

    უნარი, რომელიც მასისგან გამოგარჩევს

ეხლა ამ მეილის წერის პროცესში რამდენჯერმე შევამოწმე ფეისბუქ ჩატი, ტიკტოკი, ინსტაგრამი. სახლში ერთი ორჯერ გავიარ-გამოვიარე. მერე იუთუბზე შევედი, ერთმა ვიდეომ მიიქცია ჩემი ყურადღება და ყურება დავიწყე. შემდგომ ისევ მეილის წერას მივუბრუნდი და ასე გაიჭიმა პროცესი.

ალბათ, შენც გემართება ხშირად, როდესაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ და ვერაფრით უდებ გულს. 21-ე საუკუნეში ირგვლივ იმდენი ყურადღების გამფანტავი საგანია, რომ ადამიანის კონცენტრაციის უნარი (მოდით ფოკუსი დავარქვათ) სულ უფრო მეტად სუსტდება.

შედეგად კი ვიღებთ უბადრუკ მცდელობას ვაკეთოთ რამდენიმე საქმე ერთდროულად (ე.წ. მულტიტასკინგი). ან ნახევარ საათიან საქმეს ვანდომებთ 3 საათს. ეს ყველაფერი იწვევს ჩვენს არაპროდუქტიულობას და უხარისხოდ გაკეთებულ საქმეს.

კარგი ფოკუსის და კონცენტრაციის ქონა დღეს უკვე იშვიათია. ბევრი ამას ვერც კი ხვდება.

დიახ, ვერ ხვდებიან რომ ხელმოცარულობის ერთერთი მიზეზი სწორედ ფოკუსის ნაკლებობა შეიძლება იყოს. როცა გულს ვერ უდებ ერთ საქმეს. აქეთ-იქით აწყდები და საბოლოო ჯამში აკეთებ ბევრ რამეს (ვითომ), მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებ…

ყველაფერს თავი დავანებოთ და მითხარი ბოლოს როდის უყურე ფილმს ისე, რომ ნახევრად ტელეფონში არ იყავი თავჩარგული? მაგარი ფილმიც კი ვეღარ ახერხებს ჩვენი ყურადღების მონადირებას. მე პირადად, ეს ყველაფერი პრობლემა მგონია. ყურადღებას ვაქცევ ამ საკითხს და ვაკვირდები ჩემს თავს ამ მიმართულებით.  

საერთოდაც, 21-ე საუკუნეში წარმატების ერთერთი საიდუმლო სწორედ კონცენტრაციის უნარის დაბრუნება მგონია. ვინც კონცენტრაციის უნარს აღიდგენს, ის თავის საქმეში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

კონცენტრაციის უნართან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია ,,იკიგაიში’’ ამოვიკითხე (აქ შეგიძლია ნახო ,,იკიგაის’’ განხილვა), სადაც ცალკე თავი ჰქონდა დათმობილი ამ თემას:

,,სხვა მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი დავალების პარალელურად შესრულება ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას მინიმუმ 60%-ით და IQ-ს 10 ერთეულით’’.

ეს ცხრილი კარგად აჩვენებს განსხვავებას ფოკუსირებულ და არაფოკუსირებულ მდგომარეობას შორის:

და მაინც, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? როგორ აღვიდგინოთ ფოკუსი? ჩამოვთვლი რამდენიმე მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვანი მგონია და ხშირად ვიყენებ:

  •  ე.წ. POMODORO TECHNIQUE - შეგიძლია აქ გაეცნო დეტალებს

  • ყურადღება მიაქციე რამდენად ხშირად იყენებ ტელეფონს. განიხილე სოც. ქსელების ტელეფონიდან წაშლის საკითხი. სანაცვლოდ სოც. ქსელები გამოიყენე მხოლოდ კომპიუტერიდან

  • თვეში რამდენჯერმე მოაწყვე ,,ტექნოლოგიური დიეტის’’ დღე, სადაც მინიმუმამდე დაიყვან ტექნიკის და ინტერნეტის გამოყენებას

  • ეგრევე არ უპასუხო მესიჯებს. ნუ იდარდებ, შენს ირგვლივ მყოფი ხალხი ამას მალე შეეჩვევა

  • შეეცადე ხშირად იყო აწმყოში და დააფასოთ არსებული წამი. ამაზე უფრო მეტი თუ გაინტერესებს, შეგიძლია აქ ნახო

  • სცადე მედიტირება

    რთული გადაწყვეტილების მიღების გამოსადეგი ტაქტიკა 

არსებობს რთული, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ცხოვრებას გვიადვილებს. დღეს საუბარი მექნება ე.წ. ,,ინვერსიის მეთოდზე’’ - Inversion Method.

უორენ ბაფეტის ბიზნეს პარტნიორმა ჩარლი მანგერმა ერთხელ თქვა:

,,ერთადერთი რაც მინდა ვიცოდე არის ის ადგილები, სადაც სიკვდილი მელოდება, რათა მაქსიმალურად მოვერიდო იქ ყოფნას’’

ხშირად პრობლემების ერთი კუთხიდან განხილვა არ არის საკმარისი. მათ ყველა შესაძლო პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. ,,და მართლაც’’ ამბობს მანგერი ,,ბევრი პრობლემა არ ექვემდებარება თანმიმდევრულ გადაწყვეტას’’.

და მაინც რას ნიშნავს ,,ინვერსიული მეთოდი’’?

წარმოვიდგინოთ ვართ კომპანიის მეპატრონე და გვსურს სამსახურში შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც წახალისებულია კრეატივი და ინოვაცია.

დავჯექით და ფიქრი დავიწყეთ ამ პრობლემაზე. პირდაპირი გზით თუ მივუდგებით პრობლემას, ვიფიქრებთ ყველა იმ საშუალებაზე, რომლებიც შეგვიძლია სამსახურში დავნერგოთ, რათა გარემო უფრო ტოლერანტული გავხადოთ ინოვაციის მიმართ.

ხოლო თუ გამოვიყენებთ გადაწყვეტილების მიღების ,,ინვენსიურ მეთოდს’’, ანუ პრობლემას ამოვატრიალებთ, ჩვენ უნდა დავფიქრდებით ყველა იმ ქმედებებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ და რომლებიც პირდაპირ მოკლავს ახალ იდეებს და კრეატივს.

ანუ ნაცვლად იმისა ვიფიქროთ, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ გადაიჭრას პრობლემა, ჩვენ ვფიქრობთ თუ რა არ უნდა გაკეთდეს და როგორ არ გამწვავდეს პრობლემა.

რატომ ვაკეთებთ ამას? რაში გვეხმარება ,,ინვენსიური მეთოდი’’?

მარტივი ამბავია - ხანდახან რთულია გამოიცნო თუ რა არის ოპტიმალური მოქმედება. ხანდახან რთულია პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო. თუმცა, ძალიან მარტივი დასანახია ხოლმე თუ რა არ უნდა გაკეთდეს არცერთ შემთხვევაში.

ანუ მაგალითად, თუ არ იცი როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, იფიქრე თუ როგორია ცუდი მენეჯერი და აკეთე ამის საპირისპირო.

___________________________________________

პ.ს. დღეისათვის სულ ეს იყო. ტრადიციულად, თუ რამე შეკითხვა გაქვს ან მოსაზრება გამომეხმაურე ამ მეილზე. ყველა მონაწერს ვკითხულობ.

Reply

or to participate.